გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობამ შემოიღო სახელმძღვანელოებით მოსწავლეთა უფასოდ უზრუნველყოფა, აღადგინა სოფლად ტრანსპორტირება, სადაც ბავშვებსა და პედაგოგებს რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევდათ; სოფლებში კი, სადაც ბავშვები სკოლაში არ დადიოდნენ, დღეს დასწრება 95%-ზე მეტად გაიზარდა, რაც ძალიან დიდი მიღწევაა.
"ჩვენ დღეს ახალი სტრატეგიის შემუშავების პროცესში ვართ და უმთავრესი, რაც მინდა, გითხრათ, აღარ გვინდა, სიტყვა რეფორმა სადამსჯელო სიტყვად იქცეს; გვინდა, ეს სიტყვა დადებით ცვლილებებთან იყოს ასოცირებული, რომლებიც უპირველეს ყოვლისა, თქვენგან იქნება მოწონებული, ყველა თქვენგანთან შეთანხმებული, თქვენი აზრის გათვალისწინებით და თქვენი ჩართულობით გაკეთებული რეფორმა გვინდა ჩვენ; არ გვსურს, თავს მოგახვიოთ ჩვენი აზრები, რომელიც არ იქნება თანხვედრაში თქვენს გამოცდილებასთან; თქვენი გამოცდილება უნდა იყოს ამოსავალი ნებისმიერი ნაბიჯისა, რომელსაც გადავდგამთ მომავალში. ამას ემსახურება დღევანდელი შეხვედრაც, რომ მოვისმინოთ და გავითვალისწინოთ თქვენი მოსაზრებები ჩვენს მომავალ საქმიანობაში", - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სკოლებში ფსიქოლოგის სამსახურის დანერგვა, ექიმის მომსახურების, სპორტის და ფიზიკური აღზრდის აღდგენა, რაც კიდევ უფრო გაფართოვდება და ხელმისაწვდომი გახდება. მთავრობის მეთაურმა ასევე განსაკუთრებით აღნიშნა ინკლუზიური განათლება, რომელიც მომავალი პოლიტიკის ერთ-ერთი ცენტრალური მიმართულება იქნება, რადგან განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
მასალის გამოყენების პირობები






