მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პედაგოგის მოღვაწეობის სირთულე მისთვის უცხო არ არის, რადგან ოჯახში ორი პედაგოგი ჰყავდა - დედა და ბებია.
"ბებია, ბევრი ათწლეულის განმავლობაში, კომაროვის სკოლაში მათემატიკის პედაგოგი გახლდათ, დედა - უნივერსიტეტის პროფესორი. დედა ცოცხალი აღარ არის, ბებია - 95 წლის არის და ჩემთან ცხოვრობს. არაერთხელ მინახავს ის, საკონტროლო რვეულების გასწორების დროს, ჩამოძინებული, ღამის 02:00 საათზე, მას შემდეგ, რაც მე და ჩემს ძმას უკვე გვამეცადინებდა ხოლმე. ასე, რომ ძალიან კარგად ვიცი, რამხელა შრომაა, რამხელა თავდადებაა და მინდა, დიდი პატივისცემით, ქედი მოვიხარო ყველა თქვენგანის წინაშე", - მიმართა პრემიერმა პედაგოგებს.
გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობისთვის, განათლება, სიტყვით და საქმით, იქცა პირველ პრიორიტეტად და ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება .
პრემიერის შეფასებით, ბევრი გაკეთდა იმისთვის, რომ განათლების მნიშვნელობა წამოწეულიყო.
მთავრობის მეთაურმა ყურადღება სისტემის დეპოლიტიზაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა.
"არ შეიძლება, სკოლებში, უნივერსიტეტებში, დავაზომბიროთ ხალხი, ერთი მიმართულებით წავიყვანოთ მათი აზროვნება. მოქალაქეობრივი პოზიცია ყველას აქვს, მაგრამ, ვინაიდან საქართველოში პოლიტიკა სამწუხაროდ ჯერ კიდევ დაპირისპირებასა და კონფრონტაციასთან ასოცირდება, ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად მოვაშოროთ პოლიტიკა სკოლას და განათლების სისტემას. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდია, მაგრამ მე ამის თქმის არ მეშინია, რადგან ჩვენი სიძლიერე ამაში უნდა იყოს; ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს იმაში, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევძლოთ ფოკუსირება განათლების ხარისხზე. ჩვენ ოთხი წლის წინ დავისახეთ მიზნად, რომ განათლებაში ხარისხის აწევასთან ერთად, თეორიული და პრაქტიკული მომზადება დაგვეყენებინა პრიორიტეტად; ასევე, მიზნად დავისახეთ, პატრიოტული სულისკვეთების განვითარება სკოლებში, ზოგადსაკაცობრიო ფასეულობების გაზიარება და მოქალაქედ ჩამოყალიბება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ სკოლის ასაკიდანვე უნდა დაიწყოს ამაზე საუბარი. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება და მარტო ზოგადი განათლების 348 მლნ ლარით გაიზარდა სკოლების დაფინანსება; დაფინანსების ზრდამ 54%-ს გადააჭარბა და 2016 წელს, ამ მიმართულებით, 572 მილიონი ლარი შეადგინა", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ დაფინანსებით, განათლება გახდება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი.
მთავრობის მეთაურის თქმით, გაიზარდა და კიდევ იზრდება პედაგოგების ხელფასები; 2017 წლიდან საშუალო ხელფასი ხდება 800 ლარი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით სვლა გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






