დღეს რომის პაპი ფრანცისკე მიხეილ მესხის სტადიონზე იმყოფებოდა, სადაც კათოლიკური მრევლისთვის მესა ჩაატარა. 17:00 საათზე კი სვეტიცხოვლის მონახულებაა ჩანიშნული.
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონთან რომის პაპის წმინდა წირვის პარალელურად აქცია მიმდინარეობდა, რომელშიც რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობდა.
მათი ნაწილი აცხადებს, რომ 5 საათზე სვეტიცხოველთან შეიკრიბებიან არ დაუშვებენ, რომ პაპი სვეტიცხოვლის ტაძარში შევიდეს.
"ის რაც ხდება სტადიონზე ახლა არის უდიდესი ცოდვა და დანაშაული და ვინც მას ესწრება უდიდეს ცოდვაში ვარდება."
"ღმერთი დაგვიფასებს იმას რომ ვაპროტესტებდით პაპის ჩვენს წმინდა ტაძარში შესვლას, რომელსაც სვეტიცხოველი ჰქვია"
"ამ კომენდიანტის ფეხი იქ არ უნდა დადგეს"- აცხადებენ სასულიერო პირები.
აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფით განცხადებებს საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება.
რომის პაპის ვიზიტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ საპატრიარქო მიესალმება მისი უწმინდესობა, რომის პაპი ფრანცისკე I-ს სტუმრობას და მათ ყოვლად მიუღებლად მიაჩნიათ ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები:
,,ვაცხადებთ, რომ ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ამ ოფიციალურ ვიზიტთან დაკავშირებთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი სასულიერო პირის მიერ საჯარო სივრცეში დაფიქსირებული მკვეთრად უარყოფითი განცხადებები და მათაც და საერთოდ ყველას მოვუწოდებთ სიმშვიდისაკენ"- ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






