,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც პრაქტიკულად კონტრაქტს ვდებთ ვეტერანებთან. მე ევროპისკენ მიმყავს ეს ქვეყანა და მინდა რომ რაც დასაფასებელია ევროპაში სწორედ ის ავიღოთ მისგან. ამერიკაში და ევროპაშიც ყველაზე უფრო დასაფასებელი ადამიანები ვეტერანები არიან“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ ახმეტელის თეატრში ვეტერანებთან გამართულ შეხვედრაზე, რომელზეც პარტიის ლიდერმა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ვახტანგ მაჭავარიანთან ერთად წარადგინა.
,,თავისუფალი დემოკრატების“ ხედვა თუ როგორი უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ. ,,თავისუფალი დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ სახელმწიფომ მკეთრი, ერთიანი პოლიტიკით უნდა იზრუნოს იმ პირებზე, ვინც თავდადებით იბრძოდა ქვეყნის ერთიანობისა და თავისუფლებისათვის. დღეს ვეტერანების ჯანმრთელობასა და სოციალურ მდგომარეობას მთავრობა ფრაგმენტულად, საერთო სტრატეგიული ხედვის გარეშე განსაზღვრავს. ასევე, აქტუალურია დაუბეგრავი მინიმუმის საკითხი. მოძველებულია და, ხშირ შემთხვევაში, წინააღმდეგობაში მოდის სხვა კანონებთან კანონი “ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“. არ არსებობს ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების ჯანმრთელობის დაცვის, რეაბილიტაციის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების ხელშეწყობის სათანადო მექანიზმები. “თავისუფალი დემოკრატები” ვიღებთ ვალდებულებას, რომ განხორციელდება ომის ვეტერანთა სოციალური პრობლემების დარეგულირება. აღვადგენთ და გავზრდით კომუნალურ სუბსიდიას 22 ლარიდან 50 ლარამდე თვეში“, - განაცხადა გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვახტანგ მაჭავარიანმა.
ასევე შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნა ის პუნქტები სარჩევნო პროგრამის ნაწილში, რომელიც ვეტერანების პრობლემების მოგვარებისთვის არის უპირველესი. მათ შორის:
• ვეტერანებისთვის საქალაქო და საგარეუბნო მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრო- ბა იქნება უფასო;
• გაორმაგდება საგადასახადო კოდექსით ვეტერანებისათვის განსაზღვრული 3000 ლარიანი დაუბეგრავი მინიმუმის ზღვარი და გახდება 6000 ლარი წელიწადში. აღნიშნული შეღავათი გავრცელდება ავღანეთისა და სხვა სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო პირებზე;
• უმაღლეს სასწავლებლებში (მაგისტრატურა) ვეტერანთა შვილებისათვის სწავლება იქნება უფასო (სახელმწიფო ხარჯებით);
• გარდაცვალებისას სამხედრო წესით დასაფლავება;
• განთავისუფლდებიან საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
• მოვაწყობთ ვეტერანთა სასაფლაოს (აშშ-სარლინგტონის სასაფლაოს მსგავსად). ,,ვეტერანები საქართველოში განსაკუთებულ ზრუნვას და ყურადღებას იმსახურებენ.
"საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მთელს მსოფლიოში, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში სამჯერ იყო შეტაკებაში მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან - რუსეთთან. ამიტომ ბუნებრივია , რომ ქვეყანას ამ პირობებში უნდა ჰქონდეს მკვეთრი პოლიტიკა იმასთან დაკავშირებით, თუ რას უპირებს ვეტერანებს, როგორ შეუქმნის მათ ოჯახებს განვითერების შესაძლებლობებს და როგორ იზრუნებს მათზე. მე ევროპისკენ მიმყავს ეს ქვეყანა და მინდა რომ რაც დასაფასებელია ევროპაში სწორედ ის ავიღოთ მისგან. ამერიკაში და ევროპაშიც ყველაზე უფრო პატივსაცემი ადამიანები ვეტერანები არიან. ეს არიან ადამიანები, რომელსაც მთელი საზოგადოება მადლობას უხდის არა მხოლოდ სიტყვიერად, არამედ გვერდში უდგას ქმედითად. სწორედ ამიტომ, მე და ვახტანგმა მაშინ, როდესაც ძალიან მწვავედ იდგა ვეტერანთა ჰოსპიტალიზაციის საკითხი, მინისტრობის დროს ჯანდაცვის მინისტრთან ერთად შევძელით რიგი პრობლემების მოგვარება, ასევე მე მხარი დავუჭირე ვეტერანთა დეპარტამენტის ცალკე გამოყოფას თავდაცვის სამინისტროდან, რომ როგორც დამოუკიდებელ სტრუქტურას მეტი საშუალება ჰქონოდა განვითარებისათვის. ,,თავისუფალი დემოკრატები“ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც პრაქტიკულად კონტრაქტს ვდებთ ვეტერანებთან, მიგვაჩნია, რომ პარლამენტში უნდა იყოს ვეტერანთა კომიტეტი, რომელიც განახორციელებს კონტროლს ვეტერანთა პოლიტიკის მიმართულებით. უნდა არსებობდეს ფინანსური რესურსი. ტყუილი იქნება რაიმეზე საუბარი, თუ ვეტერანებისათვის ბიუჯეტიდან არ იქნება გამოყოფილი თანხები“ განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
მასალის გამოყენების პირობები






