დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ცნობილი გახდა, რომ შსს-მ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საბრძლო იარაღის მარაგს მიაკვლია. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სამარხები 2009-2011 წლებში არის შექმნილი.
მომხდარის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დაუკავშირდა. მან ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ მსგავსი სამარხები 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ საქართველოს სხვადასხვა წერტილებში შეიქმნა, რათა რუსეთის მხრიდან ოკუპაციის განმეორებითი მცდელობის შემთხვევაში, სამხედრო პირებს იარაღის მარაგის შევსება დაბრკოლებების გარეშე შეძლებოდათ. მისივე თქმით, სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო გრიფი საიდუმლოს წარმოადგენს და მასთან წვდომა, გაერთიანებულ შტაბში მომუშავე მხოლოდ იმ პირებს აქვთ, რომლებიც უმაღლესი დაშვების მქონე საშვებს ფლობენ:
„2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ, გაერთიანებულმა შტაბმა მიიღო გადაწყვეტილება, იმ საბრძოლო მოქმედებების გამოცდილებიდან გამომდინარე, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდიანრე, იყო შესწავლილი ბალტიის ქვეყნების, ისრაელისა და ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებa, შესაბამისად იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველოში აუცილებლად უნდა შეიქმნას სათადარიგო ცენტრები, სადაც რუსეთის მხრიდან ოკუპაციის მცდელობის შემთხვევაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების მებრძოლებს, ექნებოდათ შესაძლებლობა, მისულიყვნენ ამ წერტილებში, შეევსოთ ტყვია-წამლის მარაგი და მიეღოთ იარაღი.
ასეთი სათადარიგო ცენტრები არსებობს ამერიკის შეერთებულ შტატებში, პოლონეთში, ისრაელში, ბალტიის და ევროპის ყველა ქვეყანაში. ეს ობიექტები არის დაცული სახელმწიფოს საიდუმლო გრიფით და ინფორმაცია ბუნებრივია ინახება მხოლოდ გაერთიანებულ შტაბში“, - აღნიშნავს დიმიტრი შაშკინი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებით, მომხდარი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, რაც საქართველოს თავდაცვიუნარიანობას ანადგურებს:
„სამწუხაროდ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ნადგურდება „ქართული ოცნების“ მიერ, იმისათვის, რომ გაურკვეველი პოლიტიკური სპექტაკლები შექმნან, ერთ-ერთი ასეთი სპექტაკლი იყო დღეს. ყველა მიხვდება იმას, როგორ შეიძლება შემთხვევით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტყეში ამოთხაროს მიწის კონკრეტული კვადრატი და იპოვოს ამდენი იარაღი? იარაღი, რომლის ნომრებიც ირიცხება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, რომლის შესახებაც გაერთიანებულ შტაბს სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია. ეს ყველაფერი გაერთიანებულ შტაბში დარჩა. ამ დოკუმენტებთან წვდომა მხოლოდ ბოლო დონის დაშვების მქონე ხალხს აქვთ.
ეს არის უნიჭო ახალი პოლიტიკური სპექტაკლი, რომელსაც ექვს თვეში ერთხელ მიმართავენ. თავის დროზე ვითომ ვიდეო მასალა რომ აღმოაჩინეს, სწორედ ასეთ წერტილში იყო მიტანილი მათ მიერ ეს კადრები. ეს სპექტაკლები აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს და შესაძლებლობას, რომ დემოკრატიულად ჩატარდეს არჩევნები“, - აცხადებს დიმიტრი შაშკინი.
მისივე თქმით, იარაღის მსგავსი საცავების შექმნა სრულებით კანონიერია და ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ფლობს.
მასალის გამოყენების პირობები






