როგორც "ნიუპოსტთან" ენმ-ს წევრმა მღებრიშვილის უწყების მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, სამართალდამცავთა მიერ ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა რუსეთის აგრესიის გამკლავების გეგმის ნაწილი იყო.
ოპოზიცია ამ კონკრეტული საქმეშიც პოლიტიკურ ინტერესებს ხედავს.
"ამ ყველაფერს აკეთებენ, თავისი შექმნილი მითის, ბინძური ცილისმწამებლური კამპანიის გასაღვივებლად, რომ თითქოს ოპოზიცია კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით დესტაბილიზაციას გეგმავს. ამისათვის უკვე ისეთ არგუმენტებს იყენებენ, რომელიც ქვეყნის თავდაცვას ეხებოდა. სწორედ იმ პერიოდში მიმდინარეობდა რუსეთის ხელახალი შემოჭრის შემთხვევაში ტერიტორიული თავდაცვის კონცეფციაზე მუშაობა და ამის ნაწილი შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი ობიექტების არსებობაც. ამ ხელისუფლების პირობებში არათუ ამ ობიექტების გამჟღავნება ხდება სისტემატიურად, რაც ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, არამედ ამასთან ერთად ამ ყველაფერს პოლიტიკური კამპანიისთვის იყენებენ"- აღნიშნა დავით დარჩიაშვილმა.
"ნიუპოსტის" კითხვაზე იყო თუ არა საბრძოლო მასალა რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის გეგმის ნაწილი?
დეპუტატმა განმარტა: "ასეთი ობიექტები ამ მიზნით იქმნებოდა და მეტი არავითარი სხვა მიზნით".
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უწყებამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და მთავარ პროკურატურასთან ერთად, საქართველოს ტერიტორიაზე საბრძოლო მასალისა და ცეცხლსასროლი იარაღის მარაგს მიაკვლია.
უწყების ინფორმაციით, სხვადასხვა გეოგრაფიული ადგილმდებარეობიდან ამოღებულ იქნა დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერებები და ასაფეთქებელი მოწყობილობები.
შსს-ში თქვეს, რომ ამოღებული საბრძოლო მასალა 2009-2011 წლებში შენიღბულად იყო დამარხული.
მასალის გამოყენების პირობები






