ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ დამფუძნებლის, და ბლოკ „პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისათვის“ ყოფილი წევრის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში ფულის საკეთებლად არის მოსული და იმ ფონზე, როდესაც პარტიას კოორდინატორებზე ხელფასის გადახდის პრობლემა უდგას, პაატა ბურჭულაძე ხელფასის სახით 60 ათას ლარს იღებს. ამ თემაზე ზურაბ ჯაფარიძემ ტელეკომპანნია "პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიასთან ისაუბრა:
„პაატა ბურჭულაძე ითხოვდა მეტ ფულს, რატომ ითხოვდა? ჩემი აზრით მიზეზი მარტივია, ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ ამ ადამიანს არანაირი ინტერესი არ აქვს ქვეყანაში რამე შეცვალოს და რეფორმები გაატაროს. ამ ადამიანმა შეძლო საკუთარი იმიჯი და პოზიტიური რეპუტაცია რაც ქონდა, გარდაქმნა პოლიტიკურ კაპიტალად და ამ პოლიტიკურ კაპიტალს ახურდავებს ფულში, ეს არის და ეს. ის იშოვის ფულს, არ აპირებს არც პოლიტიკაში დარჩენას და სავარაუდოდ ვერც დარჩება, ეს პოლიტიკური პარტიაც გაქრება, კარგი რაც შეიძლება იყოს, არის ის, რომ იქ მყოფი რამდენიმე პროფესიონალი მოხვდეს პარლამენტში. ეს ადამიანი გაქრება პოლიტიკიდან, წაიღებს ფულს და წავა, არანაირი გრძელვადიანი გეგმები მას არ აქვს. უბრალოდ ფულის შოვნის კარგი მომენტი დაინახა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში. ამ რაღაც დისკუსიების მერე გუშინ გავარკვიე, რომ ბლოკიდან ხელფასი ქონია 60 ათასი ლარი. ეს არის რეალობა იმ დროს , როდესაც ხელფასის გაცემის პრობლემაა კოორდინატორებზე, რომელთაც ბოდიშს ვუხდი.
ეს ადამიანი ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მას მართლა აწუხებს ქვეყანაში არსებული ვითარება და უნდა რაღაცეების შეცვლა, ალბათ ეს ჩემი შეცდომაა. შემდგომში როგორც განვითარდა მოვლენები, ნათლად ჩანს რა ინტერესებიც აქვს ამ ადამიანს.“- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






