საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე კანდიდატს, კანდიდატურის ხმაურიანად მოხსნის სანაცვლოდ ფული შესთავაზა.
მიხეილ სააკაშვილი ასევე აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ „ახალი ხრიკებია“ მოსალოდნელი:
"მას შემდეგ რაც ივანიშვილმა გამოაჩინა თავისუფალი ზონის "დავერბოვკებული" წევრი, რომელმაც თქვა ოთხი დღის წინ სააკაშვილს შევხვდიო, თუმცა არ შემხვედრია და ვერც შემხვდებოდა, ამის მეორე დღეს გამოაქვეყნეს ფაბრიკაცია საუბრის ისეთი შემადგენლობით, რომელიც არასდროს შეკრებილა ერთად, რა თქმა უნდა ათასობით საათი პარტიის ოფისში დაყენებული ჩამწერიდან და სატელეფონო გადაჭერებიდან ნებისმიერი საუბრის დამონტაჟებაა შესაძლებელი, მაგრამ ეს რუს ოლიგარქს ვერ უშველის. ვერც 40 მილიონიანი ფილმი, ვერც ჩანაწერები და სხვა ვირტუალური ხრიკები ვერ ჩაანაცვლებს იმ რეალობას, რომ ხალხს უჭირს და მათ სურთ ცვლილება. ჩვენ 2012-ში მშვიდობიანად გადავაბარეთ ხელისუფლება, არცერთხელ ამ 4 წლის განმავლობაში არც გალიები დაგვიდგამს, არც კარვები და არც დესტაბილიზაცია გვიცდია. განსხვავებით ჩვენი მთავრობისგან, რომელსაც ყველა მხრიდან საბოტაჟს უწყობდნენ და მაინც ამდენი შევძელით, ამათ სრული ხელშეწყობა ჰქონდათ და კი ხედავთ შედეგებს. ივანიშვილი ბოლო დღეებში კიდევ ახალ ხრიკებს გამოაცხობს, უკვე რამდენიმე ჩვენ კანდიდატს შესთავაზეს ფული კანდიდატურის ხმაურიანი მოხსნის სანაცვლოდ. ეს ყველაფერი ვეღარ იხსნის მას გარდაუვალი მარცხისგან“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






