"ნიუპოსტის" ინფორმაციით, „თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაცია 30-მდე პირმა დატოვა და მმართველ პარტიას შეუერთდა.
ფაქტს "ნიუპოსტთან" "თავისუფალი დემოკრატების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რამაზ ტყებუჩავა გამოეხმაურა. ტყებუჩავას განცხადებით, ყველა ის პირი, რომელიც "თავისუფალი დემოკრატებიდან" "ქართული ოცნების" რიგებში პორტირებაზე განცხადებებს გააკეთებს პარტიიდან რამდენიმე თვის წინ გაირიცხნენ.
როგორც ალასანიას გუნდში აცხადებენ, წინასაარჩევნოდ პარტიის იმიჯის შელახვისა და ზიანის მიყენების მიზნით, მათ წინააღმდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და "ქართული ოცნება" ერთობლივად იბრძვის.
"ხობში თავისუფალი დემოკრატები მოწოდების სიმაღლეზე დგანან, მოსახლეობის მხარდაჭერა გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნებში ალასანიას გუნდი იმარჯვებს. რაც შეეხება პარტიის დატოვებას, მას შემდეგ, რაც წარმადგინეს მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატად, გარკვეული ხისტი გადაწყვეტილებების მიღება მომიწია, რადგან მქონდა ინფორმაცია, რომ ეს პირები სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობდნენ"- აღნიშნა ტყებუჩავამ.
მისი თქმით, "სუს-ისა და ხელისუფლების ბრძოლა უშედეგოდ დასრულდება".
"ხელისუფლება ხედავს ჩვენს ძალას, შესაბამისად სუს - ი და "ქართული ოცნება" ყველა რეგიონში მსგავს შოუებს ატარებს"- თქვა მან.
მასალის გამოყენების პირობები






