ინტერნეტსივრცეში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მიხეილ სააკაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი ვრცელდება. ჩანაწერის ავთენტურობა ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულის შესახებ კომენტარს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აკეთებს. მისი განცხადებით, რთულია გაარკვიო არჩევნების წინა პერიოდში რა არის ტყუილი და რა სიმართლე:
„ვიღაცას აქვს იმედი, რომ ამ ემოციური ფონით მიაღწევს წარმატებას. მე მინდა მივმართო საქართველოს მოქალაქეებს, 8 ოქტომბრის არჩევნებზე არჩევანი გავაკეთოთ ძალიან ბევრი რამის გამო და არა მხოლოდ იმის გამო, რასაც გავიგებთ ან მოვისმენთ ამ დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ არჩევნების წინა დღეებში ძალიან რთულია იმის გარკვევა რა არის ტყუილი და რა არის მართალი. ყველას, ვისაც აზრად აქვს რაიმე დესტაბილიზაცია ან აზრად აქვს რომ ამ ფონზე მიაღწიოს წარმატებას, მოქალაქეებმა უნდა ვუთხრათ ძალიან მყარად რომ ამ დღეების განმავლობაში ჩვენ ვიქნებით განსაკუთრებით ჭკუადამჯდარი, განსაკუთრებით გონიერებით აღვსილნი, ემოციებს ან ამ ტიპის ტემპერატურის აწევის მცდელობებს არ დავექვემდებარებით, იმიტომ რომ ჩვენ 8 ოქტომბერს არჩევანი მომავლისთვის უნდა გავაკეთოთ და არა წარსულისთვის, რომელიც ამ დღეებში სხვადასხვა გამოვლინებებით ჩნდება, მათ შორის ვიდეო, აუდიო და ა.შ. ჩვენ გვჭირდება მშვიდობიანი არჩევნები და მშვიდობიან არჩევნებში გამარჯვებული ძალები უნდა გაუძღვენ ამ ქვეყანას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






