,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია-მდივნმა, ირმა ნადირაშვილმა "ნიუპოსტთან" საუბრისას ჩანაწერს მიხეილ სააკაშვილის მსგავსად "უნიჭო მონტაჟი" უწოდა.
ნადირაშვილი ფარული ჩანაწერების გავრცელებას "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების განცხადების გაგრძელებას უწოდებს, რომლის უკან ენმ-ს ლიდერის მტკიცებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ბიძინა ივანიშვილი დგას.
"მსგავსი ტიპის საუბარი ბუნებაში არ ყოფილა, იმ შემადგენლობასთან, რომელიც ვიდეოში ჩამოთვლილია კიევში არასდროს ვყოფილვარ. ეს არის სუს-ის გაკეთებული უნიჭო მონტაჟი. მთელი საუბარი დამონტაჟებულია. არ გამოვრიცხავ, რომ რამდენიმე წლის ნალაპარაკებია, ალბათ ზოგი ტელეფონიდანაა აღებული, ზოგიც კომპიუტერიდან და ეს ყველაფერი ამოგლეჯილია კონტექსტიდან და ხმები მიდებულია ერთმანეთთან"- აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, ჩანაწერების გავრცელება ბიძინა ივანიშვილის სტრატეგიის ნაწილია.
"რომ შეხედოთ, როგორ მძიმდება ბიძინა ივანიშვილი ინტერვიუდან-ინტერვიუმდე მას არაფერი აქვს სათქმელი ხალხისთვის, მისი დაპირებების არავის სჯერა. იცის, რომ არჩევნებზე მარცხდება და ამიტომ სუსი მთელი სიმძლავრითაა ამუშავებული, ნაცვლად იმისა რომ ისინი ებრძოდნენ იმ გამოწვევებს, რომელიც ქვეყნის წინაშეა, ისინი იწერენ ოპოზიციას ყველგან და ამონტაჟებენ, რომ ადამიანების ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანონ. სუსი-ს ეს ჩანაწერები და სხვა ქმედებები ნამდვილად ვერ შეცვლის იმ შედეგს, რომ 8 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილი არჩევნებს წააგებს და 9 ოქტომბერს გაიღვიძებს, როგორც ოპოზიციაში მყოფი ადამიანი"- უთხრა "ნიუპოსტს" ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მედია-მდივნმა.
ირმა ნადირაშვილი "თავისუფალი ზონის" ყოფილი წევრების ხმაურიან განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ენმ-ს ყოფილი მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილმა გადაიბირა.
"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი ზის სადღაც გოგა ხაინდრავასთან ან ბედუკაძესთან და წერს მსგავს სცენარებს ამ სცენარს კი ხან დამონტაჟებულ ჩანაწერებს ურთავენ, ხანაც ჩვენგან წასული ადამიანების განცხადებებს ვითომ ჩენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ. ეს არის ივანიშვილთან შეთანცმებული სცენარი, რომელსაც სუსი სხვადასხვაგვარად აფორმებს"- დასძინა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






