პარტია, ირაკლი ალასანია-თავისუფალი დემოკრატების გლდანის 21-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ადვოკატ ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში, სპორტის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებით, სპორტული ფედერაციების დამოუკიდებლობა ფორმალურადაც დასრულდა და ხელისუფლებას საკანონმდებლო დონეზე მიეცა ბერკეტი სპორტში საკუთარი ინტერესების გატარებისათვის.
“ქართული ოცნების ხელისუფლებამ კიდევ ერთი დანაპირები არ შეასრულა და სპორტულ ფედერაციებში არჩევნები გააუქმა. მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ძალაში შევიდა ცვლილება კანონში სპორტის შესახებ, რომლითაც განისაზღვრა, რომ “საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაციის უმაღლესი ორგანია ყრილობა, რომლის წევრთა არანაკლებ სამ მეოთხედს სპორტული ორგანიზაციები უნდა წარმოადგენდნენ”. კანონის ეს თითქოსდა მოკლე ჩანაწერი გასაგებ ენაზე ნიშნავს იმას, რომ ამიერიდან ნებისმიერი სპორტის სახეობის ფედერაციის პრეზიდენტად შეიძლება დაინიშნოს ის, ვისაც საჭიროდ ჩათვლის ხელისუფლება და ამ შემთხვევაში სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი. ამ ცვლილებით სპორტული ფედერაციების ფორმალური დამოუკიდებლობაც დასრულდა და სპორტის ყველა სახეობაში ქართული ოცნების ხელისუფლება დამყარდა”.-აცხადებს ამირან გიგუაშვილი.
ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ქართულმა ოცნებამ არ შეასრულა მისი დანაპირები სპორტის დეპოლიტიზაციის შესახებ, რაც გამოიხატა თუნდაც საარჩევნო სიებში და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად ყოფილი თუ მოქმედი სპორტსმენების წარდგენაში, მაგრამ ყველაზე აღმაშფოთებელი არის ის, რომ ვეტერან და მოქმედ სპორტსმენებს, დამსახურებულ მოღვაწეებს რეალურად აღარ ეძლევათ საშუალება ფედერაციების ყრილობაში სრულფასოვანი მონაწილეობა მიიღონ და ხელმძღვანელ პირებად მათთვის მისაღები კანდიდატურები აირჩიონ.
,,კანონის ამ ცვლილებით აღშფოთებულია სპორტული საზოგადოება. ჩემს გვერდით დგანან ჩვენი პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ვახტანგ მჭედლიძე და ალექსანდრე მსხალაძე, დარწმუნებული ვარ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ჩვენი პირველივე ინიციატია იქნება სპორტის შესახებ კანონის ძირეული რეფორმირება და სპორტის ერთხელ და სამუდამოდ დეპოლიტიზირება“, - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






