„ბიძინა ივანიშვილი კვლავ ურცხვად განაგრძობს მტკიცებას, რომ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე 2012 წელს ხალხს დაპირდა. იგი მიიჩნევს, რომ რთველი წარმატებულად მიდის იმ პირობებში, როდესაც ძირითადი ჯიშის, რქაწითელის ფასი - 80 თეთრი - იმაზე ნაკლებია, ვიდრე 2012 წელს იყო.
მაშინ ივანიშვილი ამბობდა: “1 ლარიც არ შეიძლება იყოს [ყურძნის] ნორმალური ფასი”.
დღეს ის ამბობს: “არ შეიძლება ხელისუფლებას მუდმივად მოვთხოვოთ, რატომ არ ღირს [ყურძენი ლარზე მეტი]”.
გასათვალისწინებელია, რომ ივანიშვილის მთვარობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო დღეს ლარი გაუფასურებულია და დოლართან მიმართებაში 40%-ით ნაკლებია.
დღეს ქართველი მევენახე სრულ უყურადღებობას უჩივის: მათ არავინ აქცევს ყურადღებას, როდესაც ვენახებს სტიქია გადაუვლის და დასეტყვავს; არავინ ამოწმებს შესაწამლი მასალის ხარისხს, რაც წელს მევენახეებს მოსავლის თითქმის ნახევრად დაუჯდათ; მთავრობა ხელს იბანს, როდესაც გლეხების ნაწილს 2014 და 2015 წელს ჩაბარებული ყურძნის საფასურიც კი არ აუღია.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლამდე მევენახეს ჩაბარებული ყურძნის საფასური დაუყოვნებლივ უნაღდდებოდა, დღეს კი იგი საფასურის სუბსიდირებულ ნაწილს 20 სამუშაო დღე უნდა ელოდოს, ყურძნის მიმღები ქარხანა კი როდის გადაუხდის დარჩენილ ნაწილს - უცნობია.
8 ოქტომბერს მატყუარა ივანიშვილს ქართველი ამომრჩეველი ეტყვის არას. ჩვენ გადავდგამთ ქმედით ნაბიჯებს ქართული ღვინის გასაღების ბაზრების დივერსიფიკაციისა და ექსპორტის გაზრდისათვის, რათა მევენახის შრომას ფასი დაედოს.“ - განაცხადეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კახეთის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა.
მასალის გამოყენების პირობები






