2016 წლის 22 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიგი გიგიაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. საუბარი შეეხო ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ძირითად საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს მაღალი დონის ვიზიტების დინამიკის, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატის გაგრძელების მნიშვნელობაზე.
აღინიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების აუცილებლობა. ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების განვითარების და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პერსპექტივას. ელჩმა ხაზი გაუსვა ბულგარეთის დაინტერესებას საქართველოში სამშენებლო სექტორის მიმართ, ასევე ტურიზმის სფეროში გამოცდილების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას.
გიგი გიგიაძემ ბულგარეთის ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებისადმი ურყევი მხარდაჭერისათვის. ისაუბრა საქართველოს ევროპული დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად თემებზე და ყურადღება გაამახვილა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის დროულად დასრულების საკითხში, ბულგარეთის რესპუბლიკის მხარდაჭერის როლზე.
მინისტრის მოადგილემ წარმატება უსურვა ბულგარეთის რესპუბლიკის ახალ ელჩს მის მომავალ საქმიანობაში და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა გამოთქვა.
მასალის გამოყენების პირობები






