„პოლიტიკოსიც სულელურად იღიმის, თვალებს ისაწყლებს, პატიოსანი სახე უნდა მიიღოს“- ამბობს ბლოგერი გიორგი კიკონიშვილი და პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო პოსტერებზე ხალისობს.
გიორგი კიკონიშვილი:
„ქართველი პოლიტიკოსების წინასაარჩევნო პოსტერები ძალიან სასაცილო, კომიკური დასტურია იმისა, რომ ჩვენი საზოგადოების პოლიტიკურად და კულტურულად აქტიური, სამოქალაქო ნაწილი გაცილებით, ასჯერ და ათასჯერ წინაა, ვიდრე თავად პოლიტიკოსები.
უყურებ ამ დებილურად, უკვე შეიძლება ითქვას ინფანტილურად გადაღებულ/დამუშავებულ ფოტოებს და გადაღების პროცესის მთელი სცენა წარმოგიდგება: პიარშიკი ყვირის მეგაფონში:
"არ ვარგა, ნდობა დამანახე" - პოლიტიკოსიც სულელურად იღიმის, თვალებს ისაწყლებს, პატიოსანი სახე უნდა მიიღოს.
"არ ვარგა, ბედნიერი მომავალი დამანახე" - პოლიტიკოსი ამაოდ ცდილობს გაიღიმოს დაახლოებით ისე, როგორც ამას ჰოლივუდის ყველაზე თესლი მსახიობი შეძლებდა. შედეგად პოსტერზე ყველა კბილი ჩანს.
"არ ვარგა, ცოტა მეტი ძალა დამანახე" - პოლიტიკოსი მუცელს ისრუტავს, მხრებს განზე შლის, სუნთქვას იკავებს და სახეზე წითლდება. (ამ სიწითლეს, მოგვიანებით ფოტოშოპით მოაშორებენ)
რათქმაუნდა, თითქმის არცერთი მათგანი არაა ანფასში და პირდაპირ "თვალებში" არ უყურებს კამერას და ამომრჩეველს. ეს კიდევ უფრო სასაცილოს (და იქნებ ნაკლებად სანდოსაც?) გახდიდა მათ ინფანტილურ სამსახიობო შესრულებას.
მოკლედ, ცხადია გულგრილი, პირადი ფინანსური ინტერესებით მოფიქრალი და მატყუარა ხალხია პოლიტიკოსები, ზოგჯერ ძალიან ბოროტიც, ან უბრალოდ სულელი. მაგრამ არასდროს ისე ძაან არ მეცინება ხოლმე მათზე, როგორც მათი წინასაარჩევნო პოსტერების თვალიერებისას ქუჩაში. სხვა ყველაფერთან ერთად, მოდით, ვთქვათ, რომ ძალიან სასაცილო ხალხია.
პოლიტიკურ ტექნოლოგიებში ვერ ვერკვევი და არ ვიცი, როგორი შეიძლება იყოს კარგი(?) წინასაარჩევნო პოსტერი. დიდად არც იმას დავკვირვებულვარ, სხვა ქვეყნებში რა ხდება ამ მხრივ, მაგრამ ფაქტია, ამათზე ძაან მეცინება“.
მასალის გამოყენების პირობები






