,,ჩვენ შევჩერდით მდგრადი განვითარების მე-16 მიზანზე და პრიორიტეტად დავისახეთ ეფექტიანი მმართველობა, რითაც მკვეთრად გავემიჯნეთ წარსულს.
ორი დღის წინ ჩემმა ქვეყანამ, ესტონეთთან, კორეის რესპუბლიკასა და გაეროს განვითარების პროგრამასთან ერთად, უმასპინძლა მაღალი რანგის სპეციალურ ღონისძიებას, რომელზეც ერთმანეთს გავუზიარეთ მდგრადი განვითარების მე-16 მიზანთან დაკავშირებული წარმატების მაგალითები.
კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ და გავუზიაროთ გამოცდილება ტრანსფორმაციის გზაზე მყოფ ქვეყნებს.
ქვეყნის შიგნით ჩვენ მიზნად ვისახავთ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მაქსიმალურად ჩავრთოთ ყველა დაინტერესებული მხარე. ჩვენ შევქმენით სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან დიალოგის რამდენიმე პლატფორმა.
ეფექტიანი მმართველობის განსამტკიცებლად ჩვენი მიზანია საჯარო მომსახურება კიდევ უფრო მარტივად ხელმისაწვდომი გავხადოთ ბიზნესისთვის. სწორედ ამიტომ დავიწყეთ საქართველოს დედაქალაქში - თბილისში „ბიზნესსახლის“ პროექტი. ინტერნეტის პლატფორმასთან ერთად, ბიზნესისთვის შეიქმნება ერთი ფანჯრის პრინციპით მოქმედი ფრონტოფისი, რომელიც თავს მოუყრის ყველა სახელმწიფო სტრუქტურას.
ეფექტიანი მმართველობისთვის არსებითია სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემა. მართალია, საქართველო უკვე არის ერთ-ერთი ლიდერი გადასახადების დაბალი მაჩვენებლების მხრივ, მაგრამ ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ გადასახადების შემდგომ ლიბერალიზაციას. იმისთვის, რომ ბიზნესმა განახორციელოს ინვესტიციები განვითარებაში და ამით შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება დივიდენდების სახით გაუნაწილებელი მოგების გადასახადის გაუქმებასთან დაკავშირებით.
მართალია, ეს რეფორმა მნიშვნელოვან ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ის უზრუნველყოფს ბიზნესისა და სამუშაო ადგილების გრძელვადიან მდგრადობას.
გარდა ამისა, ჩვენ ვაუმჯობესებთ გადასახადების ადმინისტრირების სისტემას, რისთვისაც ვაძლიერებთ მართლმსაჯულების როლს საგადასახადო ინსპექციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღებისას, რაც გაზრდის კერძო სექტორის დაცულობის ხარისხს.
ბატონო პრეზიდენტო, საქართველოს პოზიციები ბევრი მიმართულებით განუხრელად უმჯობესდება:
1. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, რომელიც სულ ახლახან გამოქვეყნდა, 2012-2014 წლებში სიღარიბის დონე საქართველოში 10 პროცენტით შემცირდა. ქვეყნისთვის, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონზე ნაკლებია, ეს დიდი მიღწევაა.
2. 2015 წელს უმუშევრობის დონე კიდევ უფრო დაეცა და მიაღწია ყველაზე დაბალ ნიშნულს ბოლო 12 წელიწადში. ხელფასებისა და ანაზღაურების ოდენობა მნიშვნელოვნად მეტია დღეს, ვიდრე ეს იყო სულ რამდენიმე წლის წინ.
3. მიუხედავად ჩვენ გარშემო მიმდინარე კრიზისისა, საქართველოს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, ხოლო პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაზრდილია - თითქმის 100 პროცენტით 2012 წელთან შედარებით. ყოველივე ეს კი გამოიხატება უშუალოდ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაში.
დღეს საქართველო მეოთხე ადგილზეა ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ბიზნესის წარმოების სიმარტივის კატეგორიაში და მზად არის იქცეს დამწყები ბიზნესისათვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე ქვეყნად.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჯერ არ ყოფილა ამდენი შესაძლებლობა, რომელიც ხელმისაწვდომია ახალი ბიზნესის წამოწყებისა თუ არსებულის განვითარების მსურველი ადამიანებისთვის. მეწარმეობის სულისკვეთების მქონე მოქალაქეებს დღეს წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე ოდესმე.
ჩვენ წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ინოვაციური იდეების მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით საქართველოში წარმოებითა და ფერმერობით დაინტერესებული პირებისთვის, ინფრასტრუქტურასა და ფინანსებზე წვდომას.
პატივცემულო კოლეგებო,
მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა და მტკიცე ინკლუზიური საზოგადოების შექმნა მოითხოვს ქვეყნის ჯერ კიდევ არასრულად რეალიზებული რესურსის - მისი ხალხის აქტივაციას.
შესაბამისად, განათლება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ შევცვალეთ ჩვენი განათლების სისტემა ისე, რომ მან სარგებელი მოუტანოს ყველა მოქალაქეს და, ზოგადად, საზოგადოებასა და ეკონომიკას. ჩვენი მიზანია, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ყველა პროფესიული თუ უმაღლესი განათლების ინსტიტუტის კურსდამთავრებულმა თავისი ადგილი იპოვოს კონკურენტულ შრომის ბაზარზე.
ჩვენ გვჭირდება კონკურენტუნარიანი განათლების სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი სტუდენტების ცოდნის მაღალ ხარისხს.
წელს დაიწყო ორი ახალი კერძო ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება შეადგენს ერთ მილიარდ ევროს. მალე ჩვენ სტუდენტებს შევთავაზებთ რეგიონში საუკეთესო შესაძლებლობებს.
ჯანმრთელი მოსახლეობა არსებითად მნიშვნელოვანია შემდგომი ზრდისა და განვითარებისთვის.
რამდენიმე წლის წინ ჩვენ წამოვიწყეთ საყოველთაო ჯანდაცვის რევოლუციური პროგრამა. დღეს საქართველოს ყველა მოქალაქის ჯანმრთელობა დაზღვეულია და ასობით ათასი ჩვენი თანამემამულისთვის სამედიცინო მომსახურება პირველად გახდა ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან ჯანდაცვის სისტემაში ინვესტიციების წახალისების შედეგად, ახალ კერძო საავადმყოფოებში განხორციელდა ასობით მილიონი დოლარის ინვესტიცია.
ტესტირების რეჟიმშია ელექტრონული ფარმაცევტიკის ეროვნული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს პაციენტებისთვის მედიკამენტების მიწოდების ოპტიმიზაციას.
ჩვენი პარტნიორების დახმარებით შეიქმნა სპეციალური პროგრამები განსაკუთრებით პრობლემატურ დაავადებებთან საბრძოლველად და საქართველო სულ მალე გახდება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელშიც აღმოფხვრილი იქნება C ჰეპატიტი. განსაკუთრებულ მადლობას მოვახსენებთ ამერიკის შეერთებულ შტატებს ამ ინიციატივის ფარგლებში დახმარებისთვის.
ბატონო პრეზიდენტო,
საქართველოს განვითარების დღის წესრიგი, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისა და მათი თანასწორი უფლებებისთვისაა განკუთვნილი. ჩვენ გვაქვს თავისუფალი მოქალაქეების ძალისა და მათთვის თავისუფლებისა და შესაძლებლობების უზრუნველყოფაში მთავრობის როლის რწმენა.
მდგრადი განვითარება შეუძლებელია ადამიანის უფლებათა დაცვის, სამართლის ხელმისაწვდომობისა და ეფექტიანი, გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუტების გარეშე.
ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ზომები კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. ჩვენ განვახორციელეთ სასამართლო სისტემის, პროკურატურის, მართლმსაჯულების ეთიკისა და ადვოკატთა პასუხისმგებლობათა ძირეული რეფორმა. ჩვენ გავაფართოვეთ ბრალდებულთა უფლებები და წერტილი დავუსვით ხელისუფლების წარმომადგენელთა თუ თანამდებობის პირთა დაუსჯელობას.
დღეს ყველა საქართველოს მოქალაქე თანასწორია კანონის წინაშე და ყველას აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს მართლმსაჯულების სისტემით, რომელიც ინტენსიური რეფორმების შედეგად გამოირჩევა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის მაღალი ხარისხით. ჩვენ ვაგრძელებთ მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას, რათა ვუპასუხოთ უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
დღეს, მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, საქართველო 29-ე ადგილზეა და უსწრებს ევროკავშირის ბევრ ძველ და ახალ წევრს.
მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება მემკვიდრეობით მიღებულ სერიოზულ პრობლემასთან საბრძოლველად, ეს არის წარსულში ადამიანის უფლებათა დარღვევები, განსაკუთრებით კი ციხეებში მომხდარი უმძიმესი დარღვევები. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ სწრაფი და გადამწყვეტი ზომები.
გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა წამებისა და არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის საკითხებში ახლახან აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსვლის შემდეგ, საქართველოს მთავრობამ რადიკალურად შეცვალა ვითარება ამ მხრივ და შესაბამისი ცვლილებები ქმედითი და ხარისხიანია. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ავამოქმედეთ სამართლებრივი და პროცესუალური მექანიზმები პატიმართა მიმართ არასათანადო მოპყრობასთან საბრძოლველად, მსხვერპლთათვის კომპენსაციის ჩათვლით.
ჩვენ მივიღეთ მკაცრი ანტიდისკრიმინაციული კანონი.
ჩვენ ძალ-ღონეს არ ვიშურებთ, რათა რეალურად შევუწყოთ ხელი გენდერულ თანასწორობას და ქალთა გაძლიერებას.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვახორციელებთ ეროვნულ სამოქმედო გეგმას, თუმცა წინ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რისთვისაც ჩვენ მივიღეთ ადამიანის უფლებათა გრძელვადიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა.
სამ კვირაში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც სამი თვის წინ დაიწყო, მოწმობს, რომ საქართველო რეალურად დემოკრატიულად ვითარდება. ჩვენ უზრუნველვყოფთ თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს, რომელიც გამოირჩევა მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლებითა და პლურალიზმით, ძლიერი და აქტიური სამოქალაქო საზოგადოებით და შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ბაზით.
8 ოქტომბერს ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და ჩვენი დემოკრატია მომავალშიც ქვეყნის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს - განცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






