ქალაქ ოზურგეთში ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. სტიქიამ რამდენიმე ქუჩაზე სახლებს სახურავები გადახადა, რის შედეგადაც საცხოვრებელი ფართები დაიტბორა. დაზიანებულია გრიშაშვილის, კალანდარიშვილის, თავისუფლების, ბაქრაძის, მოსკოვის და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარე სახლები.
ქალაქის მერი ბეგლარ სიორიძე ადგილზე გაეცნო შექმნილ სიტუაციას და სტიქიისგან დაზარალებული თითოეული სახლი მოინახულა.
ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ადგილზე სტიქიის დაწყების დროიდან მუშაობდნენ.
ზიანი, რომელიც ქალაქმა ოზურგეთმა მიიღო, საკმაოდ დიდია. ქალაქის მერიაში უკვე შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც მიყენებულ ზარალს დაითვლის. პირველადი მონაცემებით, სტიქიისგან მიყენებული ზარალი ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.
‘’ძალიან ძლიერი სტიქია იყო. ქარმა და კოკისპირულმა წვიმამ თითქმის მთლიანად ახადა საცხოვრებელ სახლებს სახურავები. შეუჩერებლად მუშაობენ ქალაქის მერიის შესაბამისი სამსახურები, ასევე, გვეხმარება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. დავითვლით ზარალს და ვნახავთ, რა ზიანი მოგვაყენა სტიქიამ’’ - განაცხადა ბეგლარ სიორიძემ.

მასალის გამოყენების პირობები






