„ჩვენ „ქართული ოცნების“ მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ მშვიდობის მემორანდუმს ვუერთდებით.
„რესპუბლიკური პარტიისთვის“ სამართლიანი, თავისუფალი და არაძალადობრივი არჩევნები არის არა პიარაქცია, არამედ ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების კრედო.
ასეთი არჩევნების გარეშე ჩატარებულ პროცესს შეუძლებელია არჩევნები ეწოდოს. ასეთი არჩევნები ამ ქვეყანაში წლების განმავლობაში ტარდებოდა, როდესაც არჩევნები არ იყო თავისუფალი, არ იყო სამართლიანი და არ იყო არაძალადობრივი.
ჩვენ თავისუფალი არჩევნების მიმართულებით სერიოზული ნაბიჯები გადავდგით, რაც კოალიციაში შემავალი ყველა პარტიის მონაპოვარი იყო.
ამ მონაპოვარს გაფრთხილება სჭირდება ყველას მხრიდან:
სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, რომელთა ექსკლუზიური მოვალეობაა ძალადობის პრევენცია და დამნაშავეთა დასჯა;
ამასობაში, პოლიტიკური ძალების მხრიდან ამ საკითხზე არ უნდა არსებობდეს არავითარი „მაგრამ“, „თუ“, „თუკი“, „გუშინ იმან ეს ქნა“, „გენდობი“, „არ გენდობი“ და ა. შ.
ეს ის საკითხია, რაზეც ყველამ თამამად უნდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში ძალადობრივი გზით ურთიერთგამკლავების ეპოქა დავასრულეთ.
ამასთან, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ ეს ყველაფერი საქართველოს პარლამენტმა 22 ივნისს მიღებულ დოკუმენტში უკვე თქვა, რომელსაც მხარი პარლამენტში წარმოდგენილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ დაუჭირა, „ნაციონალური მოძრაობის გარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მაშინ სხდომას არ ესწრებოდნენ.“
"ქართულმა ოცნებამ“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმი 21 სექტემბერს გაასაჯაროვა და პარტიებს ხელმოწერისკენ მოუწოდა. მემორანდუმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილე სუბიექტები თანხმდებიან, რომ უზრუნველყოფენ მათი აქტივისტების დისტანცირებას სხვა პარტიების მიერ ან მის მხარდასაჭერად გამართული აქციისგან, შეხვედრისგან ან სხვა მსგავსი სახის ღონისძიებისგან და მიიღებენ ყველა ზომას, რათა არ დაუშვან მათი აქტივისტების მხრიდან სხვა საარჩევნო სუბიექტის მიერ გამართული ღონისძიების ხელშეშლა.
მასალის გამოყენების პირობები






