საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მანანა კობახიძე "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ, პოლიტიკურ ოპონენტებისათვის შეთავაზებულ ე.წ. ”მშვიდობის მემორანდუმს” ხელი ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს, რითაც ისინი არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებენ.
კითხვაზე, არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება თუ მათ ოპონენტებს უმრავლესობის წევრი განმარტავს:
"ქართული ოცნების" მიერ, დღეს გავრცელებულ მემორანდუმში ძალიან ცხადად იყო საუბარი, რომ დოკუმენტში პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე ვამახვილებთ ყურადღებას. რა თქმა უნდა, კანონი თავისთავად არსებობს, მოქმედებს და კანონის დაცვის ვალდებულება აქვს მოქალაქესაც და პარტიასაც - თუ ის კანონს არღვევს იმოქმედებს პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები იმისთვის, რომ აღკვეთოს სამართალდარღვევა და დამრღვევს პასუხი მოეთხოვოს"- აცხადებს მანანა კობახიძე.
მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდში სახელმწიფო ძალადობას და რაიმე სახის ექსესებს არ დაუშვებს.
"ყველანაირი პრევენციული ზომა არის და იქნება მიღებული, იმისთვის რომ 8 ოქტომბერს არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიაროს. ყველაფერს აკეთებს სახელმწიფო, რომ არც შემდგომ პერიოდში ჰქონდეს ადგილი ძალადობას, პროვოკაციებს და ა. შ. სხვა პარტიებს ამ დოკუმენტის შეთავაზებით მოვუწოდებთ, რომ როგორც ჩვენ ვგრძნობთ პასუხიმგებლობას, რომ შეხვედრების ორგანიზებისას ამომრჩევლებთან კომუნიკაციის პროცესში დავიცვათ წესები, არ გავმართოთ კონტრ-აქციები, არ შევუშალოთ ხელი სხვა პოლიტიკურ ძალებს, პარტიის წევრს ყოველდღე მოვუწოდებთ, რომ მაპროვოცირებელ ქმედებას არ ქონდეს ადგილი, იგივე უნდა გააკეთოს ოპოზიციურმა პარტიებმაც"- განუცხადა "ნიუპოსტს" მანანა კობახიძემ.
"ქართული ოცნების" წევრი, მათი აქტივისტების მიერ, ოპოზიციის მიმართ განხორციელებულ აგრესიულ ქმედებას კატეგორიულად უარყოფს, მეტიც მანანა კობახიძე დესტაბილიზაციისა და პროვოკაციების მოწყობაში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" ადანაშაულებს.
"გუშინ ფოთში დევნილებთან წინასაარჩევნო შეხვედრას ვმართავდით, შეხვედრაზე კი რამდენიმე ქალბატონი პროვოკაციის მოწყობას შეეცადა. როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" უარს აცხადებს, ხელი მოაწეროს ამ შეთანხმებაზე, ადასტურებს იმაზე, რომ ყველაფერზე წამსვლელია, თორემ ის რომ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების პასუხისმგებლობა ხელისუფლებას აქვს და ამ შემთხვევაში „ქართული ოცნებას“ ეს ცხადია. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ, ჩვენ ვსაუბრობთ იმ წილ პასუხისმგებლობაზე რაც აქვს თითოეულ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, რომელიც ვალდებულია საკუთარი წევრების ქცევა აკონტროლოს რომ დაპირისპირება არ იყოს. ნაციონალური მოძრაობა კი გაურბის ამ მემორანდუმზე ხელის მოწერას, რადგან, დიახაც მათი წევრები მოწადინებულები არიან არეულობისკენ, ამის არაერთი ფაქტი არსებობს"- თქვა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






