"საქართველოს განათლების სამინისტროსა და თურქეთის საელჩოს შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე, გუშინ მოულოდნელად ბათუმში გაიხსნა თურქული სკოლა საქართველოს კანონმდებლობის სრული იგნორირებით, საქარველოსა და აჭარის შესაბამისი სამინისტროების ინფორმირების გარეშე თურქეთის მხრიდან ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობით. ბათუმის მერიას არ გაუცია მშენებლობის ნებართვა, რის გამოც სკოლა არაერთხელ დაჯარიმდა. სკოლას არ გაუვლია აკრედიტაცია და ავტორიზაცია.
ასევე ცალკე აღსანიშნავია და შესასწავლია სკოლაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების შრომითი უფლებები, რაც არა მხოლოდ კონკრეტულად ამ სკოლის საკითხია, არამედ მთელ საქართველოში შესასწავლი საკითხია.
აღნიშნული ადასტრუებს, რომ საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ, უყურადღებოდ მოეკიდა საკითხს. ამას ადასტურებს განათლების მინისტრის დღევანდელი განცხადება, რომ ის მოლაპარაკებების ეტაპზე, არ იყო საქმის კურსში სკოლის შენობის უკანონო მშენებლობასთან დაკავშირებით.
თურქეთი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, რომლეთანაც საქართველოს აქვს პრაქტიკულად ყველა სფეროში თანამშრომლობა, მათ შორის განათლების სფეროშიც, ამიტომ რესპუბლიკური პარტია მოელის, რომ საქართველოს და თურქეთის შესაბამისი უწყებები დროულად მოაგვარებენ საკითხს კანონმდებლობის შესაბამისად.
მოვითხოვთ, სასწრაფოდ მოხდეს რეგირება, პრემიერ მინისტრმა და განათლების მინისტრმა მიიღონ შესაბამისი ზომები და მანამ სანამ პასუხი არ გაეცემა ყველა შეკითხვას, სკოლამ დროებით შეაჩეროს ფუნქციონირება"- აღნიშნულია რესპუბლიკური პარტიის განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






