როგორც "ნიუპოსტს" პოლიტოლოგმა განუცხადა, შოთაძის უწყება ვალდებულია მეტი კონკრეტიკა გააკეთოს იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან მოიპოვა გუშინ გასაჯაროებული კადრები, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსაზრება, რომ მტკიცებულებას არჩევნებისთვის ინახავდნენ ლოგიკური იქნება.
"პროკურატურას პოზიტიური განწყობა ნამდვილად არ მოუმკია, პირიქით ბევრი კითხვა გააჩინა საზოგადოებაში. თუ წლების განმავლობაში მსგავსი მტკიცებულება არსებობდა, და წლის განმავლობაში აღმოჩენილი ვერ იქნა, მინიმუმ ის ადამიანი მაინც უნდა გათავისუფლდეს თანამდებობიდან ვისაც ევალებოდა რეზონანსულ საქმეზე მტკიცებულებების, ამ შემთხვევაში ვიდეოკადრების მოძიება. ძალიან ზედაპირზეა იმის მცდელობა, რომ ამ თემის აქტიურად გავრცელება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდეს და შესაბამისად პოლიტიკური განცხადებები გაკეთდეს. რამდენადაც ვიცი ამ ვიდეოკადრების გავრცელებამ თავად დაზარალებულებიც გაანაწყენა, რადგან ძნელად დასაჯერებელია, რომ 26 მაისის საქმის გამოძიების დასრულება მაინცდამაინც არჩევნების მოახლოებას დაემთხვა. თუ არ იქნება მკაფიო განცხადებები, რა პირობებში მოხერხდა ამ ფირის მოძიება, მაშინ ჩავთვალოთ, რომ 8 ოქტომბრის წინ ვიღაცას დაევალა, მისთვის კარგად ნაცნობი ფირების თაროდან გადმოღება და პოლიტიკური მიზნებისთვის გასაჯაროება"- აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.
რაც შეეხება ფირის ავთენტირობის საკითხს, პოლიტოლოგი ამბობს, რომ ეს შესაბამისმა ორგანოებმა უნდა დაადგინონ.
"არც თუ ისე დიდი ინფორმაციის შემცვლელი არ არის ეს ფირი და არამგონიოა, რომ ვინმეს ყალბი ფირის შესაქმნელად დრო დაეკარგა. თუმცა დიდი ალბათობის ეს საკითხი არჩევნებამდე გამოუძიებელი დარჩება"- უთხრა "ნიუპოსტს" ექსპერტმა.
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გუშინ, 20 სექტემბერს 26 მაისის აქციის დარბევის ფაქტზე დავით ახალაიას, მის მოადგილე ვასილ ლელუაშვილს, ასევე რევაზ შიუკაშვილს და ლევან ქარდავას ბრალი წაუყენა.
პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ვიდეო კადრებია.
ყოფილი მაღალჩინოსნები ბრალს არ აღიარებენ, მათი ადვოკატები კი გავრცელებული ფირის შესწავლას ითხოვენ. ადვოკატები ეჭვობენ, რომ პროკურატურამ კადრები დაამინტაჟა.
მასალის გამოყენების პირობები






