საქართველოს პრეზიდენტის პრეს-სპიკერის ეკა მიშველაძის განცხადებით საპრეზიდენტო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია" წარმატებით გრძელდება. აღნიშნულ თემაზე მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ისაუბრა:
„წარმატებით გრძელდება საპრეზიდენტო კამპანია "შენი ხმა ჩვენი მომავალია", რომელშიც ახალგაზრდების მეშვეობით, პრეზიდენტი ამომრჩეველს გააქტიურებისკენ და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.
სხვადასხვა რეგიონში სტუდენტებისთვის საზაფხულო სკოლების დასრულების შემდეგ, პროექტი გრძელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ლაბორატორიასთან“ ერთად.
ამ ეტაპისთვის, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უფროსკლასელები თავიანთ რეგიონებში მოუწოდებენ მოქალაქეებს წავიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მათთვის სასურველ პარტიას.
ამ ახალგაზრდებმა ასევე მოამზადეს ვიდეორგოლები, რომლის მიზანი საარჩევნო პროცესში თითოეული ხმის მნიშვნელობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაა.
გარდა ამისა, ამავე კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ყველა უნივერსიტეტის პირველკურსელი საქართველოს პრეზიდენტისგან ახალი სასწავლო წლის მისალოც წერილს მიიღებს, რომლითაც, მილოცვასთან ერთად, პრეზიდენტი სტუდენტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებს. ამ კამპანიის სახელწოდება, პირობითად არის - „შენი ხმა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ცოდნა“.- განაცხადა ეკა მიშველაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






