როგორც განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია, არსებული პრაქტიკით, გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით, შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სფეროს სამართლებრივ რეგულაციებში ცვლილებების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს უფლებამოსილი ორგანოების მიერ გასაშვილებელი ბავშვისთვის სტაბილურ ოჯახურ გარემოში განთავსებისა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ზრუნვის შეთავაზების მიმართულებით სათანადოდ მომზადებულ და შერჩეულ მშვილებელ ოჯახში გადაყვანას. ასევე, მინდობით აღზრდას დაქვემდებარებული ბავშვისთვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდება.
კანონპროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს ითვალისწინებს:
-,,შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ კანონის მოქმედი რედაქცია კანონის სუბიექტების განსაზღვრას მათ მოქალაქეობას უკავშირებს. მოქმედი კანონის მე-2 მუხლის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეზე. წარმოდგენილი პროექტით კი კანონის სუბიექტთა წრე დაჯგუფებულია მუდმივად ცხოვრების ნიშნით. კერძოდ, კანონი გამოიყენება საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ან/და უცხო ქვეყნიდან ბავშვის შვილად აყვანა; უცხო ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოდან ბავშვის შვილად აყვანა და საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირის მიმართ, რომელსაც სურს საქართველოში ბავშვის მინდობით აღზრდა.
-ახალ კატეგორიად განისაზღვრა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვი, რაც გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის ან ჯანმრთელობის ან ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებს, რომელთაც ესაჭიროებათ სპეციფიური ზრუნვა და აღზრდა, რაც თავის მხრივ, მოითხოვს შესაბამისი წესით გადამზადებული მშვილებელი ან მინდობით აღმზრდელი ოჯახების შერჩევას.
- მეურვეობისა და მზრუნველობის ცენტრალურ ორგანოში იქმნება სათათბირო ორგანო - თავსებადობის კომისია, რომელიც იკრიბება გამონაკლის შემთხვევებში (ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით), რათა მონაწილე მხარეების ჩართვის გზით მიღებული იქნას გადაწყვეტილება თავსებადობის პროცესში გამოვლენილ საკითხებთან დაკავშირებით.
- სავალდებულო მოთხოვნად განისაზღვრა შვილად აყვანის მსურველი და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მშვილებელთა ან მინდობით აღმზრდელთა მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის გავლა - სერტიფიცირება, რაც წარმოადგენს შვილად აყვანის მსურველი პირების გასაშვილებელ ბავშვთა და მშვილებელთა ერთიანი რეესტრში აღრიცხვის ერთ-ერთ საფუძველს. ამასთან, მოსამზადებელი კურსი დაეხმარება მშვილებელ პირებს/პირს შეიძინონ ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისა და ზრუნვისთვის საჭირო უნარ–ჩვევები. ბავშვის შვილად აყვანის მსურველი პირების (პირის) მიერ სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გაიცემა კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი – სერთიფიკატი, რომელიც შვილად აყვანის მსურველმა პირებმა/პირმა სხვა დოკუმენტებთან ერთად უნდა წარუდგინონ მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოს. სავალდებულო მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლა ასევე აუცილებელი წინაპირობაა მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის მინდობით აღმზრდელ პირთა რეესტრში აღრიცხვისთვის.
-მოქმედი კანონმდებლობით, ბავშვი მიტოვებულად აღიარებას ექვემდებარება, თუ ბავშვის 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში ყოფნის ხანგრძლივობა აღემატება 6 თვეს (გარდა მშობლის (მშობლების) ჯანმრთელობის არასათანადო მდგომარეობის ან მშობლის (მშობლების) პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ყოფნის შემთხვევებისა) და ბავშვის მშობელს (მშობლებს) შეჩერებული ან შეზღუდული აქვს (აქვთ) მშობლის უფლება‐მოვალეობები. წარმოდგენილი ცვლილებით აღნიშნული 6 თვიანი ვადა შემცირდა 3 თვემდე.
- ბავშვის მიტოვებულად აღიარების საფუძვლებს ემატება ის შემთხვევა, თუ დადგინდა, რომ მშობელი, არასაპატიო მიზეზით არ იჩენს სისტემატიურ ყურადღებას ბავშვის მიმართ და მიუხედავად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოს გაფრთხილებისა 2 თვის განმავლობაში კვლავ არ ინტერესდება შვილის ბედით, მეურვეობისა და ზრუნველობის ადგილობრივი ორგანო ვალდებულია განიხილოს ბავშვის მიტოვებულად აღიარების ან მშობლის უფლების ჩამორთმევის მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის საკითხი. განხილვის შედეგები უნდა ეცნობოს სააგენტოს.
- მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა, რომელიცარ უნდა იყოს 16 წელზე ნაკლები). კანონპროექტით მოხდა მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის მაქსიმალური ასაკობრივი სხვაობის დადგენაც, კერძოდ, 10 წლამდე ბავშვის გაშვილების შემთხვევაში, მშვილებელსა და გასაშვილებელ ბავშვს შორის ასაკობრივი სხვაობა არ უნდა იყოს 45 წელზე მეტი. გამონაკლის შემთხვევებში, მაქსიმალური სხვაობა 7 წლიდან 10 წლამდე ასაკის ბავშვის გაშვილების დროს, შესაძლებელია იყოს 45 წელზე მეტი, თუ ეს შესაბამება მის ინტერესებს. ზედა ასაკობრივი ზღვარი არ ვრცელდება ქორწინებაში მყოფმ მშვილებლებზე, როდესაც რომელიმე მათგანი აკმაყოფილებს ამავე პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. შვილად აყვანის უპირატესი უფლების მქონე პირების მიერ ბავშვის შვილად აყვანის დროს არ მოქმედებს ასაკობრივი შეზღუდვის ზედა ზღვარი.
- სავალდებულო ხდება საქართველოში მუდმივად მცხოვრების მშვილებლების (მშვილებლის) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაცია, რაც თავის მხრივ ასახავს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს და ადასტურებს მითითებული პირების საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
- საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის, რომელთაც სურთ ბავშვის შვილად აყვანა მკაცრდება ნასამართლობასთან დაკავშირებული პირობები, კერძოდ, პირი ვერ იქნება მშვილებელი, თუ იგი ნასამართლევია კანონპროექტში გასაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსის გარკვეული მუხლებით (108, 109, 112, 126, 126-1, 137, 138, 139, 140, 141, 142-2, 143-1, 143-2, 144, 144-1, 144-2, 144-3, 171, 172, 172-1, 253, 255-1, 255-2), მიუხედავად იმისა მოხსნილი ან გაქარწყლებული აქვს თუ არა ნასამართლობა. აღნიშნულ ცვლილებით წესდება ბავშვის უფლებების დაცვის, მისი ოჯახში სრულფასოვნად აღზრდის მაღალი სტანდარტი, რაც თავის მხრივ, ამცირებს ბავშვის არასათანადო პირობებში მოხვედრის რისკებს.
- მშვილებლები (მშვილებელი) ვალდებულნი არიან შეთავაზებიდან 5 სამუშაო დღეში, წერილობით დაადასტურონ პოზიცია (თანხმობა/უარი) შეთავაზებული გასაშვილებელი ბავშვის შვილად აყვანაზე.
საკანონმდებლო პაკეტი პარლამეტში უკვე ინიცირებულია. მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება მომავალ პარლამენტს მოუწევს.
მასალის გამოყენების პირობები






