„მინდა მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მშობლებს, განსაკუთრებით კი პირველ კლასელებს მივულოცო ახალი სასწავლო წლის დაწყება, რომელთა ცხოვრებაშიც ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. ეს განსაკუთრებული სკოლაა. ამ სკოლის ეზოდან რამდენიმე მეტრში გადის საოკუპაციო ზოლი, მავთულხლართები და მიუხედავად ამ წნეხისა მასწავლებლები, მშობლები სასწავლო პროცესის სრულფასოვნად ჩატარებას მაინც ახერხებენ, აძლევენ სრულფასოვან ცოდნას, აქვთ მაღალი აკადემიური მოსწრება და კარგი შემოქმედებითი მიღწევები“, - განმაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა დიცის საჯარო სკოლიდან ახალი სასწავლო წლის დაწყება ასევე, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასაც მიულოცა.
„ყველა ის ადამიანი ვინც აქ ცხოვრობს, ზრდის შვილებს, არიან თანამედროვეობის გმირები. როცა მავთულხლართები უსაფრთხოების და ჰუმანიტარული თვალსაზრისით ქმნის ამდენ გამოწვევას, აქ კი მაინც ზრდიან მომავალ თაობებს მშვიდობის სულისკვეთებით, სწორედ ეს არის გზა, რომლითაც ჩვენ უნდა მოვახერხოთ შერიგების პროცესის წარმართვა.
მინდა, ასევე განსაკუთრებით მივულოცო სასწავლო წლის დაწყება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით კი გალის რაიონის მოსახლეობას, რომლებსაც ძალიან რთულ პირობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა, მაშინ როდესაც ეზღუდებათ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მათი ეს უფლება იყოს დაცული და ამ პროცესში ჩართულია მთელი საერთაშორის თანამეგობრობაც“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






