"ქართული ოცნება" წინასაარჩევნო მემორანდუმის ტექსტთან დაკავშირებით კონსულტაციებს მართავს. ამის შესახებ განცხადება პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გააკეთა. მისი თქმით, ტექსტის საბოლოო ვარიანტი არ არსებობს და ის მხოლოდ მაშინ მიიღებს დასრულებულ სახეს, როდესაც მასზე სუბიექტები შეჯერდებიან.
"შემუშავებულია დოკუმენტის პირველადი ვარიანტი. გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, იმ სუბიექტებთან, რომლებიც შეიძლება ჩაერთონ ამ პროცესში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ყველა საარჩევნო სუბიექტი ჩაერთოს,"- აცხადებს კობახიძე.
კობახიძის ოპტიმიზმს არ იზიარებს ოპოზიციური პარტიების ერთი ნაწილი.
ნაციონალურ მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ამ ინიციატივას ცინიკური უწოდა.
"ეს არის ცინიკური. თუ ხელისუფლებას რეალურად სურს შეცვალოს დამოკიდებულება, უნდა დააკავოს კორცხელში მონაწილე პირები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული,"- აცხადებს მელია.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, მსგავსი მემორანდუმის გაფორმება საჭირო არ არის, მაგრამ აუცილებლობის შემთხვევაში ისინი მზად არიან ხელი მოაწერონ მას.
არასერიოზულად აფასებს ქართული ოცნების ინიციატივას თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ზურაბ აბაშიძე. მას მიაჩნია, რომ მემორანდუმზე საუბარი მაშინ, როდესაც ტექსტის შინაარსი უცნობია, საკითხისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებას ადასტურებს.
"ბურჯანაძე-გაერთიანებული დემოკრატების" ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არც პირადად ის და არც მისი პარტიის წევრები საარჩევნოდ პროვოკაციებს არ გეგმავენ.
მემორანდუმზე ხელის მოწერას არ აპირებს არც ეროვნული ფორუმი.
მასალის გამოყენების პირობები






