ბიძინა ივანიშვილმა 1 სექტემბრიდან მედიასთან შეხვედრები დაიწყო. ის რეგიონებში ადგილობრივი ჟურნალისტების დასმულ კითხვებს პასუხობს. 2012 წლისგან განსხვავებით, ყოფილი პრემიერი არა დაპირებებზე, არამედ იმაზე საუბრობს, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მისი თქმით, უკვე გააკეთა, თუმცა მოსახლეობა ამას ვერ ხედავს.
2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, შეიცვალა თუ არა ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხალხის განწყობა და რამდენად დამაჯერებელია 4 წლის შემდეგ გაკეთებულ საქმეებსა და მიღწეულ წარმატებებზე მისი შეფასებები „გურიის მოამბემ“ ოზურგეთში ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა:
გვანცა- 30 წლის: ახლა, რომც მჯეროდეს მისი, რადგან არჩევნებია და ახლა მარტო გადაწყვიტა გამოჩენა, ვერ დავიჯერებ. სად იყო აქამდე, რატომ არ ახსოვდა ხალხი? გამოიკეტა რეზიდენციაში და ადევნებდა იქედან მოვლენებს თვალს. ასე იოლად ხალხს თვალს ვერავინ აუხვევს. უფრო ადრე რომ დაეწყო სიარული, ხალხთან მისულიყო, უფრო დავიჯერებდი.
შალვა- 78 წლის: ყველაზე მაგარი კაცი შალვაა ნათელაშვილი. რაც თავი მახსოვს, სულ ოპოზიციაშია. ყველაზე მეტად მაგას ვენდობი. ბიძინას არც 2012 წელს ვენდობოდი. ვიცოდი მე მაგი რასაც იზამდა. ბიზნესმენს ყოველვის თავისი ჯიბე ურჩევნია ხალხს.
ზურაბ- 42 წლის: პირველად რომ გამოჩნდა, გასცა უამრავი დაპირებები, დავიჯერეთ. ახლა გამოჩნდა და იმის ნაცვლად, რომ დაპირებების შესრულება გაგვიჭირდაო, ამბობს რასაც დაგპირდით, ყველაფერი შესრულებულიაო. ასე არ შეიძლება.
მაკარი- 59 წლის: რა ვიცი, ალბათ ვენდობი. სხვა რა გზა მაქვს. კი მოუვიდა დაპირებების გადაჭარბებით გაცემა, მაგრამ რა ქნას, გუნდმა არ გაუმართლა.
ზოია- 57 წლის: მჯერა აბა რაა. რაც დაგვპირდა იმის ნახევარზე მეტი შეგვისრულა. პირველკლასელი შვილიშვილები მყავს ორი, წიგნებში იმდენი ფული იხარჯებოდა, ახლა უფასოა. ამაზე უკეთესი რა უნდა გაკეთებულიყო, ხო და არაა ეს ბიძინას დამსახურება? მჯერა და ვენდობი კიდევ ერთხელ.
დოდო- 76 წლის: დაპირებებში ყველა ბრწყინავს, შესრულებაში არიან სუსტები. მერე იძახიან მოკლე დროში რას მოვასწრებდიო. თუ ასეა, შენ ოჯახაშენებულო, თქვი თავიდანვე ამ დაპირების შესრულებაში ოთხი წელი არ მეყოფაო, მეორე ოთხი წელი კიდე ამირჩიეო და მორჩა, რას ატყუებ ხალხს?
სვეტა- 59 წლის: რატომ უნდა მჯეროდეს? ისე გავიდა ოთხი წელი, იშვიათად თუ გამოჩნდებოდა. მოვიდა არჩევნები და გააქტიურდა. სად იყო აქამდე?
ზაზა- 40 წლის: მჯერა, აბა რაა. ვინაა უკეთესი, რომ სხვას დავუჯერო. რაც შეასრულა იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მომდევნო ოთხი წელში კიდევ მეტს გააკეთებს.
მურთაზი-51 წლის: ერთი ადამიანის მიმართ ამხელა ნდობა რატომ უნდა მქონდეს? მას უბრალოდ პოლიტიკა რომ დაებალანსებია, არ იქნებოდა ცუდი, მაგრამ მაგასაც ვერ აკეთებს. აურია ხალხს თავ-გზა.
ლაშა- 37 წლის: ამბობს პოლიტიკაში არ ვარ, მოქალაქე ვარო. თუ მოქალაქეა, რას დადის და ქადაგებს, ვერაფერი გავიგე. თუ პოლიტიკოსია თქვას და უფრო დავუჯერებ, ჯერ თვითონ გაერკვეს რა უნდა - პოლიტიკოსობა თუ მოქალაქეობა და მერე გადავწყვეტ დავუჯერო, თუ არა.
ზვიადი-43 წლის: ვენდობი. აბა სხვას ვის უნდა ვენდო, მიშას თუ ალასანიას, ან იქნებ შალვას ნათელაშვილს?
თეა იოსელიანი- გურია
მასალის გამოყენების პირობები






