„ჩერნომორენერგო“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებებს ადასტურებს და აცხადებს, რომ ელექტროენერგიის წარმოების დროებით შეჩერება აუცილებელია, რათა მოხდეს სადერივაციო გვირაბის გარემონტება, რომლითაც წყალსაცავიდან წყალი ტურბინებს მიეწოდება.
"ჩერნომორენერგოს" განცხადებით გვირაბის მთლიანობის დარღვევის გამო იკარგება დიდი რაოდენობით წყალი, რაც უარყოფითად მოქმედებს ჰიდროელექტროსადგურის ეფექტურ მუშაობაზე. ამასთანავე სარემონტო სამუშაოების ჩატარება აუცილებელია იმისათვისაც, რომ თავიდან იქნეს აცილებული კაშხალზე კატასტროფა.
მხარეები ასევე განიხილავენ სამუშაოების მიმდინარეობისას აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის კომპენსაციის შესაძლებლობებსაც. აღნიშულ თემაზე ენერგეტიკის ყოფილმა მინისტრმა კახა კალაძემ კომენტარი 2015 წელს გააკეთა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება იღებს პასუხისმგებლობას, ელექტროენერგიით მოამარაგოს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები.
აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის თაღოვან კაშხალს მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის ძეგლის სტატუსი.
„ნიუპოსტი“ დაინტერესდა, რა თანხა დაიხარჯება „ენგურჰესის" რეაბილიტაციაზე, ვინ დაფარავს ხარჯებს და ვინ განახორციელებს რეაბილიტაციას? ყველა საკითხზე ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიკა ვალიშვილს ვესაუბრეთ.
-ენგურჰესი 2017 წელს სამი-ოთხი კვირით, ხოლო 2018 წელს სამი-ოთხი თვით დაიკეტება. როდის უნდა დაიწყოს სარემონტო სამუშაოები?
- 2017 წლის გაზაფხულზე ვგეგმავთ ინჟინრებთან ერთად გვირაბში შევიდეთ, რომ ჩამოვყალიბდეთ, რა მდგომარეობაშია გვირაბი, რა სამუშაოებია შესასრულებელი, შემდეგ უნდა ვიფიქროთ თანხები საიდან მოვიზიდოთ და მერე როგორ უნდა დაიგეგმოს სამუშაოები. ახლა ვფიქრობთ, ჰესი 3-4 კვირით გავაჩეროთ. 2018 წელს კი შესაძლებელი იქნება სამუშაოების დაწყება.
თუ გაქვთ დათვლილი რა თანხა დაჯდება აღნიშნული სამუშაოები და აქვე გეგმავთ თუ არა თუნდაც რუსეთიდან რაიმე სახის ფინანსური დახმარების მიღებას?
- ჩვენ გვირაბი 2006 წელსაც შევაკეთეთ. მაშინაც თუ არ ვცდები 2 თვის განმავლობაში გაჩერებული იყო ენგურჰესის მუშაობა, შესაბამისად დაახლოებით ვიცით, რა რაოდენობის თანხაზე იყოს საუბარი. ეს არის 15-20 მილიონი, თუ რა თქმა უნდა რაიმე განსაკუთრებული თუ არ ხდება გვირაბში. ეს არის საორიენტაციო ბიუჯეტი, რომელიც მხოლოდ გვირაბის ნაწილში ვვარაუდობთ. სხვა სამუშაოებს ამ ეტაპზე ვერც მოვასწრებთ, თუ იქ რამე კრიტიკული უბნები არ გამოჩნდა, რასაც მეტი დრო და ფინანსები დაჭიდრება.
რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, რუსეთთან ჩვენ არანაირი კონსულტაცია არც ერთ საკითხზე არ გვაქვს. უბრალოდ აფხაზურმა მხარემ იცის ის წინასწარი დასკვნები, რომლებიც შეფასების ნაწილში დადებულია და გვირაბის დათვალიერების საჭიროებას ცალსახად ასახავს. აფხაზები საქმის კურსში არიან, რომ ეს გეგმიური სამუშაოები აუცილებლად ჩასატარებელია, სტაბილური ელექტრომომარაგების და გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად.
-კახა კალაძემ 2015 წელს განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების ელექტროენერგიით მომარაგებას საქართველოს ხელისუფლება უზრუნველყოფდა, რა დაუჯდება ეს ყოველივე ქვეყნის ბიუჯეტს და როგორ გეგმავთ დეფიციტის შევსებას?
- აფხაზეთის მომარაგება საქართველოს ბიუჯეტიდან არც ახლა ხდება. უბრალოდ ენგური არ იღებს დღეს იმ შემოსავალს, რაცას უნდა იღებდეს, შესაბამისად პირდაპირ სუბსიდირებას აფხაზეთიდან არ ვახორციელებთ, თუმცა არის არაპირდაპირი სუსიდირება, საბოლოოდ ამას ვიღაცა იხდის. ეს არის არშესული, არმიღებული შემოსავალი. ბიუჯეტს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია სეზონზე და სარემონტო სამუშაოების ხანგრძლივობაზე. ამასთან, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ აფხაზეთისგან ელექტრომომარაგების ალტერნატივა სხვა არ არის, გარდა იმპორტისა.
- ვისგან მიიღებთ აფხაზეთისთვის საჭირო ელექტროენერგიას?
- რეალურად ეს არის ძალიან დაბალი მოცულობა - 3,5 მილირდი. ეს არის მთელი ქვეყნის ენერგომომარაგების 30%-მდე. მარტში ყველაზე ნაკლები გამომუშავება აქვს ხოლმე ენგურს და სწორედ ამ პერიოდში ვგეგმავთ გაჩერებას, რომ ნაკლები საკომპენსაციო ენერგია დაგვჭირდეს.
რაც შეეხება კითხვას, იცით, რომ ჩვენ დამატებითი რესურსები გვაქვს. ახალი ჰიდროსადგურები შემოდის ჩვენს სისტემაში. ახალი თბოსადგური გვაქვს, შესაბამისად შესაძლოა არც კი იყოს საჭირო დამატებითი იმპორტის შემოტანა და ჩვენი საკუთარი რესურსი გამოვიყენოთ. ყველაფერი ეს სცენარების და განხილვის დონეზეა, კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ არის და არც დათვლილი არ არის, რა დაგვიჯდება ეს უზრუნველყოფის სახით. ახლა იმ სამუშაოების დაგეგმვის პროცესში ვართ, რომელიც გაზაფხულზე უნდა ჩატარდეს.
-ელექტროენერგიის შეძენა რუსეთისგან ერთ-ერთ ვერსიადაც არ განიხილება?
- არამგონია, ჩვენთან ახალი ჰიდროელექტროსადგურები არიან შემოსული ექსპლუატაციაში. სამი თვით ენგურის გაჩერებით პრობლემა არ შეიქმნება. 2018 წელს კი დაკლებული ელექტროენერგიის კომპენსირების ამოვსების რესურსებზე უნდა ვიზრუნოთ.
- ანუ რუსეთი მთავარ მომწოდებლად არ განიხილება?
- ვგეგმავთ, რომ წელს რუსეთიდან ინპორტი საერთოდ არ გვქონდეს.
- როგორც აღნიშნეთ, რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხებს სახელმწიფო ბიუჯეტი არ დააფინანსებს, საიდან მოიზიდვთ საჭირო თანხებს?
- გასული 10 წლის გნმავლობაში ენგურჰესში 200 მილიონზე მეტი გვაქვს ინვესტრირებული. ვვარაუდობთ, რომ ამჯერადაც დონორ ორგანიზაციებისგან მივიღებთ ფინანსურ მხარდაჭერას. ტენდერიც საერთაშორისო იქნება.
მასალის გამოყენების პირობები






