მისი თქმით, დავით ნარმანიას გამწვანების სტრატეგია ხეების მასობრივ ჭრას და მათ გადაშენების პირას მიყვანას გულისხმობს.
"ნარმანიას ანგარიში მომაკვდავი ადამიანის ბოდვას ჰგავს. რაც შეეხება 1 000 000 ხის პროექტს, თავიდანვე აბსურდული პროექტი იყო და თავად ნინო სულხანიშვილს წამოსდა ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომ ხეების დარგვის არანაირი სტატეგია არ გააჩნდათ, მათთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რას სად იშოვიან, რა ხარისხი იქნება - კი არ რგავენ პირდაპირ მიწაში ტენიან ნერგებს. ხის ხარისხი, აგროტექნიკა, მისი შემდგომი მოვლა არავის აინტერესებს. ჩვენი ვარაუდით, ამ პროექტის ფარგლებში დარგული ხეების 80%-მა ვერ გაიხარა - გახმა. რაც გადაურჩა გახმობას, მისი იმ ადგილზე ყოფნის მიზანშეწონილობა ეჭვის ქვეშ დგას, რადგან ძირითადად კვიპაროსებს რგავდნენ, რომელიც წიწვოვანია და არ არის ურბანული გამწვანებისთვის, სრულიად სხვა დატვირთვა აქვს ამ ხეს. ეს იყო უზარმაზარი ბიუჯეტის ხარჯვა, რაც მთავარია ეკოლოგიას მიაყენეს ზარალი"- აღნიშნა ნატა ფერაძემ.
"პარტიზანი მებაღე" თბილისის მერის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც "ნარმანია რამდენიმე ხის მოჭრაში პრობლემას ნამდვილად ვერ ხედავს".
"ნარმანიას მმართველობის პერიოდში, წიწვოვანი ხეების ჯიშის დაავადებამ მასიური ხასიათი მიიღო და ფაქტობრივად ქალაქის შემოგარენში მსგავსი ხეები გადაშენების პირასაა. ამჯერად იგივე დაავადება ფოთლოვანებსაც შეეყარა და ამ მიმართულებით უმძიმესი მდგომარეობაა. გარდა ამისა არანაირ ყურადღებას არ აქცევენ ზრდასრული ხეების ფესვების დაზიანებას. შესაბამისად ეს ხეები ქარქცევადი ხდება და საბოლოოდ უმეტესობა მათგანი მოჭრის საფრთხის წინაშე დგას. ძალიან რთული წარმოსადგენია გამწვანების უარესი სტრატეგია, რაც ნარმანიას აქვს. ეს კოშმარულ ფილმშიც არ ხდება"- განმარტა ფერაძემ "ნიუპოსტთან" საუბრისას.
მასალის გამოყენების პირობები






