პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარე უშიშროების საბჭოს სხდომა დასრულდა. თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო პარამეტრები უცვლელი რჩება. სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ სამხედრო ძალების რაოდენობა კვლავ 37 000 დარჩება, რაც გასული წლის მსგავსია.
"პირველი საკითხი, რომელიც განვიხილეთ ეს არის სამხედრო ძალების რაოდენობა 2017 წლისთვის. როგორც მოგეხსენებათ, ყოველწლიურად, სამხედრო ძალების რაოდენობა მტკიცდება ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ. საბჭოს წევრების 2/3 არის აუცილებელი, რომ დამტკიცდეს. დღეს არ ესწრებოდა საბჭოს ორი მუდმივმოქმედი წევრი, დავით უსუფაშვილი და თედო ჯაფარიძე, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში. სხვა ყველა წევრი იმყოფებოდა და ერთხმად დაუჭირა მხარი გადაწყვეტილებას ,- ეს არის 37 ათასი, ამაში არ შედის, ცხადია, საომარი მდგომარეობის პერიოდში რაოდენობა და არ შედის რეზერვი. ეს დოკუმენტი პარლამენტში გაიგზავნება ბიუჯეტის პროექტთან ერთად და შემდეგ უკვე პარლამენტის მისაღებია გადაწყვეტილება აღნიშნულის თაოაბაზე”,- განაცხადა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
დღევანდელი სხდომის მეორე განსახილველი საკითხი იყო თავდაცვის სამინისტროს რეფორმირება. საბჭოს სხდომაზე მომხსენებელი ლევან იზორია გახლდათ. ასევე უცვლელი დარჩა საბიუჯეტო პარამეტრებიც.
„თავდაცვის მინისტრმა უშიშროების საბჭოს წევრებს დაგეგმილი რეფორმები გააცნო და ამის შემდეგ, უკვე ფართო განხილვა დაიწყება ამ დოკუმენტის. ცხადია, ეს არ არის დამტკიცება ამ დოკუმენტის. დოკუმენტის განხილვა დაიწყება არასამთავრობოებთან, დაინტერესებულ პირებთან, ექსპერტებთან თავდაცვის და უშიშროების საკითხებში და მხოლოდ ამის შემდგომ იქნება მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება”,- განმარტა ირინა იმერლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






