„სანამ 41-ს არ შემოხაზავ, გვერდიდან არ მოგშორდები“- დეპუტატს ამომრჩეველი მუქარაში ადანაშაულებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ასკანაში მცხოვრები მანანა მინდაძე სოფლის დეპუტატს ამომრჩევლის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც მინდაძე აცხადებს, მას სოფლის დეპუტატმა იმის გამო უსაყვედურა, რომ ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის მოსახლეობასთან შეხვედრას ვერ დაესწრო: „ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ დავესწარი „ქართული ოცნების“ კანდიდატის შეხვედრას ჩემ სოფელში. დეპუტატმა, ილო მამალაძემ დამიძახა და მკითხა, თუ რატომ არ ვიყავი კრებაზე, ვუთხარი ავად ვიყავი მეთქი. წინა კვირას ალასანიას პარტიის დეპუტატობის კანდიდატი იყო და იმ შეხვედრას დავესწარი, ეს შემახსენა, იმ შეხვედრას ხომ დაესწარიო, ეს ხელისუფლება დაგეხმარაო და მაინც უმადური ხარო, არჩევნების დღეს შეგიყვან კაბინაში, მეც შემოგყვები, სანამ 41-ს არ შემოხაზავ, გვერდიდან არ მოგშორდები, მერე ვერ ეღირსები დახმარებასო.“- ამბობს „გურიის მოამბესთან“ მანანა მინდაძე. ქალბატონი თავის გაჭირვებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ 5 სულიან ოჯახს ერთ პატარა ოთახში უწევს ცხოვრება, ამბობს, რომ ერთჯერადი დახმარების სახით თანხა მუნიციპალიტეტისგან სამჯერ მიიღო: „რითი დამეხმარენ? სახლი მე არ მაქვს და კარი, ერთჯერადი დახმარება კი მომცეს რამდენჯერმე, ამას არ ვმალავ, მერაბ ჭანუყვაძესთან ვიყავი და მომცეს. ექვსი წელია დავრბივარ, მაგრამ უშედეგოდ. ჯერ იყო და კოტე შარაშენიძის დროს მპირდებოდნენ და არაფერი. ერთ ოთახში 5 სული ვცხოვრობთ. მერე განაცხადი მქონდა შეტანილი მერიაში არსებულ თავშესაფარზე და რაღაც მიზეზების გამო იქაც ვერ მივიღე ბინა, “- ამბობს მინდაძე.
მინდაძის ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს სოფლის მაჟორიტარი ილო მამალაძე და ამბობს, რომ მსგავსი საუბარი მასსა და მანანა მინდაძეს შორის არ შემდგარა: „არა, არ ვადასტურებ და ვამბობ, რომ მსგავსი საუბარი ჩემსა და მანანა მინდაძეს შორის არ ყოფილა“- გვითხრა მამალაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






