ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ზოდიაქოს ნიშნების ცვლილებებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების შეცვლა არის დიდი სისულელე. სკანდალური სათაური არის. ახლა დანარჩენი წაიკითხეთ...
ინტერნეტში ახალი სტატია გავრცელდა, თითქოს NASA წერს, რომ თანავარსკვლავედების მოძრაობის გამო ზოდიაქოს ნიშნებმა საზღვრები შეიცვალეს. მსგავსი სტატია 2011 წელსაც გავრცელდა, სადაც ამერიკელი ასტრონომიის მასწავლებელი ზოდიაქოს ნიშნებში მე-13 თანავარსკვლავედის „ჩაკერებას“ ითხოვდა.
ეს არის აბსურდი, რადგან თანავარსკვლავედების სისტემა არის სხვა და ზოდიაქოს ნიშნების სხვა. წერტილი.
თუ რაშია განსხვავება, კომენტარებში დავდებ ჩემს 2011 წელს დაწერილ სტატიას, აქაც იგივე რომ არ ვწერო.
მსგავსი თემები არის „ფეიკი“, რათა ადამიანების დაინტერესება მოხდეს. იმიტომ, რომ „სკანდალი გვინდა ჩვენ, სკანდა-ლი“.
მერე ასეთი კომენტარები რომ დაიწეროს: „უიიიი, დედას ვფიცავარ, ჩემი თავი ტყუპი მეგონა და კურო ვყოფილვარ და ბალახი უნდა ვჭამოოოო. არ მაწყობს რა“ და ა. შ. :)))
ეს არის იმის მსგავსი თემა 2012 წლის 21 დეკემბერს მაიას კალენდრით აპოკალიფსი რომ უნდა მომხდარიყო. ჯერ კიდევ 2010 წელს, „იმედზე“ გადაცემა „შუადღეში“ ია ფარულავასთან, ნანიკო ხაზარაძესთან და დოდოშკა ხურცილავასთან ვთქვი, რომ 22 დეკემბერს ჩემთან ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი, ანუ არაფერი მოხდება-მეთქი.
იგივე გავიმეორე 2012 წლის ნოემბრის ბოლოს თუ დეკემბერში „კავკასიაზე“, ნინო ჯანგირაშვილის გადაცემაში ვიყავი მიწვეული, ამ თემაზე, ცხონებული ჯუმბერ ლომინაძე და კიდევ ერთი ასტრონომი იყო. ფსიქოლოგებიც იყვნენ. ასტროლოგებიდან მხოლოდ მე ვიყავი. რატომ მე? იმიტომ, რომ მე ვიყავი „არაფერიც არ მოხდება“ ვერსიის მომხრე. სხვა ასტროლოგები რას ამტკიცებდნენ არ დავიწყებ საუბარს, 2012 წლის დეკემბერში რუსთავი 2-ზე, P.S.-შიც გავიდა ამ თემაზე გადაცემა და იქაც არის ჩანაწერი. ყველგან ერთი და იგივე რამეს ვამბობდი, რომ 22 დეკემბერს ჩაიზე გეპატიჟებით-მეთქი. თუმცა მერე ეს ჩემი „ჩაის დალევა“ სხვა ასტროლოგმა მიიწერა სათნო სახით და ჩემმა საქვეყნოდ ცნობილმა ჩაისტობამ დალია ჩაილურის წყალი.
(ერთი ჩემი მეგობრის არ იყოს, „ყავა მაინც ეთქვა მაგ კრეტინსო“
მოკლედ, ზოდიაქოს ნიშნების საზღვრები არ იცვლება. ბასტა.
როცა მატარებელში, დავუშვათ მე-7 ადგილზე ზიხართ, მნიშვნელობა არ აქვს მატარებელი თბილისშია, ხაშურში თუ ბათუმში, თქვენი მე-7 ადგილი არის.
P.S. თუ შემეკითხებით „ბილეთი თუ გავუცვალე გვერდით მჯდომს“, წინასწარ გიპასუხებთ, ვერ გაუცვლით, რადგან ბილეთების გაცვლა, „დაკრიშვა“ და ეგეთი მამაძაღლობები აქ, დედამიწაზე ხდება, თორემ კოსმოსში ეგეთი რამეები არ მოსულა“-წერს რამაზ გიგაური.

მასალის გამოყენების პირობები






