მნიშვნელოვანი, თუმცა არასაკმარისი - ასე აფასებენ სამხედრო ანალიტიკოსები საქართველოს მიერ საფრანგეთისგან საჰაერო უსაფრთხოების სისტემების შეძენას და დასძენენ, რომ მათი მეშვეობით ჩვენი ქვეყნის ცა ბევრად უფრო დაცული იქნება.
თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალურად ჯერ არ ხმაურდება არც სისტემების ტიპი, არც რაოდენობა და არც მათი საქართველოში ჩამოტანის თარიღი, სპეციალისტებს უჭირთ, საკითხზე ზუსტი შეფასებები გააკეთონ და იძულებულნი არიან, ქართულ-ფრანგულ კულუარებში გავრცელებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.
განცხადება იმაზე, რომ სისტემები საქართველოში მალე იქნება, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა გააკეთა. აქვე დასძინა, რომ საფრანგეთს საქართველოში საჰაერო არმიის ოფიცერიც ეყოლება. მან შეიარაღების შესახებ ხელშეკრულების დეტალებიც განმარტა. როგორც მინისტრმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ამ დოკუმენტში საიდუმლო არაფერია და თანამშრომლობა ნატო-ს არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელდება.
როგორც "არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი "რეზონანსთან" საუბრისას ამბობს, მათი მიზანი საქართველოს საჰარეო სივრცის გაკონტროლებაა.
კონკრეტულად რის შესყიდვაზეა საუბარი, ჯერ ოფიციალურად არ თქმულა, თუმცა, ქართულ და ფრანგულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალადაშვილი აცხადებს, რომ მობილური რადიოლოკაციური სადგურები იგულისხმება, რომლებიც სატვირთო ავტომობილზეა დამონტაჟებული და ასევე მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე.
ამბობს, რომ კულუარული ინფორმაციით, ეს კომპლექსი MICA VL მოდიფიკაციის საზენიტო სარაკეტო კომპლექსს იგულისხმებს. მისივე თქმით, ჯერ არც რაოდენობა ხმაურდება, თუმცა ვარაუდობს, რომ ეს არ იქნება იმ რაოდენობის, რამდენიც საქართველოს უნდა და სჭირდება.
სპეცალისტის აზრით, კარგია, რომ იწყება პროცესი, რასაც თანამედროვე, დასავლური წარმოების საჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანა და ქართული ცის დაცვა ჰქვია.
როგორც ალადაშვილი განმარტავს, ეს სისტემები არსად დამინტაჟდება და მათი უპირატესობაც სწორედ ამაშია. "ჰაერი-რადიოლოკატორი" კლასის მართვადი რაკეტები შეიარაღებაში უკვე შემოდის. ეს იმას ნიშნვს, რომ მოწინააღმდეგის საბრძოლო თვითმფრინავი აფიქსირებს, თუ რომელი ლოკატორი ასხივებს მას და მისი მიმართულებით მართვად რაკეტას უშვებს.
"რეზონანსი" შეეცადა უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია მოეძიებინა MICA VL მოდიფიკაციის საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე. მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განმარტებულია, რომ მისი ტექნიკური მახასიათებლებია სროლის მანძილი 10 ან 20 კმ; სროლის მაქსიმალური სიმაღლე - 9 კმ.
"მიკას" თითოეულ დანადგარზე ოთხი საზენიტო რაკეტაა დამონტაჟებული, ხოლო ერთ ბატარეაში ოთხი გასაშვები დანადგარი შედის, ანუ თითქმის ერთდროულად 16 საზენიტო რაკეტის გაშვება იქნება შესაძლებელი.
ეს იმას ნიშნავს, რომ კონკრეტულ ობიექტებს კარგად დაიცავს და ფრთოსანი რაკეტის ჩამოგდებაც შეუძლია, თუმცა მცირე დაფარვა აქვს და ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ პატარა ნაწილს გააკონტროლებს.
სრულად იხილეთ resonancedaily.com
მასალის გამოყენების პირობები






