რუხაძე აცხადებს, რომ მსოფლიო ბანი პავლე კუბლაშვილისა და გიორგი მელაძის ხელით, ივანიშვილის ინტერესებს ატარებს.
“ეს აღარ არის პაატა, ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება. ეს აღარ არის ის პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ჩვენ დღემდე ერთად ვაშენეთ და რომლის ამოცანაც იყო ახალი თაობის, ახალი სახეების პოლიტიკაში მოყვანა. ეს აღარ არის ალტერნატიული ძალა არც ქართული ოცნების და არც ნაციონალური მოძრაობის ამ პოლიტიკურ გაერთიანებას პავლე კუბლაშვილი და გიორგი მელაძე მართავენ,” – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
მისი თქმით, ბლოკში შემავალ პარტიებს ივანიშვილი აფინანსებს.
"სამწუხაროდ, დღეს ეს უკვე არის ძალა, რომელსაც მართავს პავლე კუბლაშვილის და გიორგი მელაძე, რომელიც ემსახურება ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს. ივანიშვილმა მოახერხა და პაატა ბურჭულაძე, როგორც პოლიტიკოსი, გაანადგურა"- თქვა რუხაძემ.
როგორც ჟურნალისტებს გიორგი რუხაძემ განუცხადა, ის გუშინ ესაუბრა პაატა ბურჭულაძეს, პარტიის ლიდერმა კი ვერ დაარწმუნა, რომ ეს გაერთიანება კვლავ მათ ეკუთვნით.
"პაატა ბურჭულაძე ამ გაერთანებაში აღარაფერს წყვეტს. მას არც სიის ფორმირებაში მიუღია მონაწილეობა. გაერიდა პროცესს და აშშ–დან წაიკითხა პავლე კუბლაშვილის მიწოდებული სია. სამწუხაროდ, პაატა ბურჭულაძემ დათმო პარტია, საკუთარი გუნდი და იდეა, რისთვისაც ერთად ვიბრძოდით ჩემთვის ცხადია, რომ დღეს პაატა ბურჭულაძე უბრალოდ ფასადია იმ გაერთიანებისთვის, რომელიც თუ ბარიერს გადალახავს, პარლამენტში გახდება “ქართული ოცნების” დამატება. ამის დასტურია საპარლამენტო სია, სადაც ათეულში დაინახავთ, რომ პაატა ბურჭულაძის გარდა, მისი გუნდის სახეები არის მხოლოდ ორი. ამის დასტურია ის, რომ პარტიული სიის მერვე ნომრად წარმოდგენილია გიორგი მელაძე, რომელიც წარმოდგენილია არა “გირჩს”, არამედ “სახელმწიფო ხალხისთვის” კვოტით. ამის დასტურია ის, რომ რატომღაც სუს–ი აღარ აქტიურობს ჩვენი პარტიული აქტივისტების წინააღმდეგ. ამის დასტურია ის მრავალმილიონი დავალიენაბა, რომლის გასასტუმრებლადაც თანხები გაჩნდა და ჯერაც არ არის გასტუმრებული"- აღნიშნა რუხაძემ.
მისი თქმით, ბურჭულაძემ ფინანსურ ზეწოლას ვერ გაუძლო.
"ვერ გაუძლო ხელისუფლების პოლიტიკურ წნეხს, ვერ დაიცვა ვერც საკუთარი გუნდი, ვერც საკუთარი იდეა, ვერც საკუთარი ამომრჩეველი. ბურჭულაძე ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური მძევალი გახდა” – თქვა რუხაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






