ტურავამ ჟურნალისტებთან საუბარში მოსამართლეების გამოუცხადებლობასა და გახმაურებულ საქმებზეც ისაუბრა.
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავა ამბობს, რომ ტელესიუჟეტებით მოსამართლეებზე ზეწოლა ხორციელდება. გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის რუსთავი 2-ის საქმეზე საუბრისას, ტურავამ განაცხადა, რომ სანამ სარჩელების შეცვლასთან დაკავშირებით პლენუმი არ იმსჯელებს, გახმაურებულ საქმეებზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელია. ტურავა რუსთავი 2-ს მოსამართლეების მიმართ ზედმეტ კრიტიკაში ადანაშაულებს, რაც მისი თქმით, მოსამართლეებისთვის გადაწყვეტილების მიღებას ართულებს.
„იმ ვითარებაში როდესაც, საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის მიმართ არის კრიტიკა, განსაკუთრებით თქვენი ტელევიზიის მიერ, სხვადასხვა ტელესიუჟეტის მიძღვნა, ასეთ ვითარებაში მოსამართლისთვის შეიძლება ძნელი იყოს გადაწყვეტილების მიღება. როდესაც ტელევიზიები ამა თუ იმ მოსამართლის ობიექტურობაზე, მიუკერძოებლობაზე უწყვეტ რეჟიმში საუბრობენ, ცდილობენ, რომ ამა თუ იმ კონკრეტულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენონ, ასეთ ვითარებაში ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც საზოგადოების მიერ იქნება აღქმული, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი, ასეთი გადაწყვეტილების მიღება არის ძნელი. ნებისმიერ ტელეკომპანიას ვთხოვდი, რომ იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებას ღებულობს შეიკავონ თავი,"- აცხადებს მერაბ ტურავა.
რაც შეეხება მოსამართლეების სხდომაზე არდასწრებას, ტურავა ამბობს, რომ მოსამართლეებს მიზეზი ექნებოდა, რაც უმეტეს შემთხვევაში ობიექტურია.
„რაც შეეხება პლენუმის შეკრებას და მუშაობის გრაფიკს, მე ვერ განვსაზღვრავ. ამას განსაზღვრავს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯომარე და მთლიანად პლენუმის შემადგენლობა. როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს, ისე წარიმართება პროცედურა. რადგან მოსამართლეები კონკრეტულ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ, ალბათ ჰქონდათ ამისი ობიექტური მიზეზი, შეიძლება ბევრი ისეთი გარემოება, რომელზეც მათ ხმამაღლა არ უნდოდათ საუბარი. მათ შორის ვიყავი მეც. რაც შეეხება მუშაობის გაგრძელებას ჩვეულებრივ რეჟიმში, ეს კანონიდან გამომდინარე აუცილებელია და საკონსტიტუციო სასამართლო, მისი მოსამართლეები, ბუნებრივია, არ აპირებენ იმას, რომ მარადიულ რეჟიმში სასამართლო პროცესების ბოიკოტირება მოახდინონ. საკონსტიტუციო სასამართლო უახლოეს მომავალში განაახლებს თავის საქმიანობას და რაც მთავარია პირველი ოქტომბრიდან ახალი შევსებული შემადგენლობით შეუდგება და გააგრძელებს თავისი უფლებამოსილების განხორციელებას“ - განუცხადა ტურავამ ჟურნალისტებს.
გიორგი პაპუაშვილის თქმით კი, ის სასამართლო პროცესს დაუყოვნებლივ ჩანიშნავს, როდესაც მოსამართლეების სათანადო რაოდენობა უზრუნველყოფილი იქნება, რომლებიც სხდომაზე გამოცხადებას უზრუნველყოფენ.
მასალის გამოყენების პირობები






