ლაგაზიძის თქმით, პარტიაში ძირითად საკითხებს „გამყიდველი ნაციონალებისა და კრიმინალური მენტალობის ადამიანები“ წყვეტენ და ამის დასტურია საარჩევნო სიაც, რომელშიც ხათუნა ლაგაზიძე ვერ მოხვდა. ლაგაზიძე კონკრეტულ პიროვნებასაც ასახელებს და აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი სერიოზული საფრთხის ქვეშაა:
„მთავარი მიზეზი გახლდათ ის რომ პაატა ბურჭულაძემ გაყიდა თავისი პარტია, თავისი სტრუქტურებით და წევრებით, ლიდერებით და ამომრჩევლებით. ეს იყო გადამწყვეტი. ამის დასტური იყო ის საარჩევნო სია, რომელიც პაატა ბურჭულაძის ბლოკმა წარადგინა ცესკოში. წარდგენილი სია არის პაატა ბურჭულაძის ზურგს უკან, გამყიდველი ნაციონალებისა და კრიმინალური მენტალობის ადამიანების სერიოზული ზეწოლით დაკომპლექტებული სია. პაატა ბურჭულაძე არის ამ კრიმინალური მენტალობის მქონე ჯგუფის მძევალი გარკვეულწილად და ამ გუნდის თუნდაც მცირე დოზით მოსვლა ხელისუფლებაში საფრთხეს უქმნის საზოგადოებას და სტაბილურობას. მე ვსაუბრობ კრიმინალური მენტალობის ადამიანების ყოფნაზე პარტიის საარჩევნო შტაბში. ერთ-ერთი მთავარი გახლავთ გოგა კალაძე, რომელიც დღეს წარმოადგენს აჭარაში პაატა ბურჭულაძის ბლოკის საარჩევნო სიის პირველ ნომერს. ეს არის აჭარის მოსახლეობის შეურაცხყოფა ბურჭულაძის მხრიდან. ამ ადამიანებს აქვთ მძიმე ცოდვებით დამძიმებული წარსული და იმ იძულების ფორმებიდან გამომდინარე, რითიც მე ფაქტობრივად მაიძულეს დამეტოვებინა პარტია, მაქვს სრული საფუძველი განვაცხადო, რომ დღეს მე და ჩემი ოჯახი ვდგევართ სერიოზული საფრთხის წინაშე’- განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






