აშშ-ს კონგრესის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებას აფასებს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში. დავით ბაქრაძის განცხადებით, აღნიშნული რეზოლუციის მიღება მეტ ძალას სძენს მემორანდუმს, რომელსაც მიმდინარე წლის ზაფხულს საქართველომ ხელი მოაწერა ამერიკის შეერთებულ შტატებთან:
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ ზაფხულს ხელი მოვაწერეთ ჩვენ ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის მემორანდუმს, ეს კიდევ უფრო მეტ ძალას სძენს თავად ამ მემორანდუმს და გვაძლევს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას. მეტი წვრთვნაა საქართველოს ტერიტორიაზე და აქედან გამომდინარე ჩვენი თავდაცვის სისტემების მოდერნიზება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო. სახელობითი კენჭისყრის შედეგად რეზოლუციას წარმომადგენელთა პალატის 410-მა წევრმა დაუჭირა მხარი.
მასალის გამოყენების პირობები






