„მოვუწოდებ იმ მოსამართლეებს რომლებიც ჯერ-ჯერობით კეთილსინდისიერად უმკლავდებიან ზეწოლას. ქალბატონ ეკატერინე გასიტაშვილს, ბატონ პაატა ქათამაძეს და ბატონ ბესარიონ ალავიძეს, ჩინჩალაძეები მიდიან და მოდიან, თქვენ რჩებით, თქვენ უნდა განახორციელოთ მართლმსაჯულება და ნუ დაიღუპავთ თავს იმისთვის, რომ სხვამ თქვენი გადაწყვეტილებით ფული გააკეთოს. ნუ დაღუპავთ საკუთარ თავს, ქვეყნის დემოკრატიას და სასამართლო სისტემას, ეს არის საქმე-ტესტი. თუ თქვენ გაივლით ამ ტესტს გადაარჩენთ სასამართლო ხელისუფლებას, თავისუფალ მედიას, დემოკრატიის მომავალს და გადაარჩენთ და ლეგიტიმაციას შესძენთ არჩევნებს რომელიც გვიახლოვდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ იქნებით პასუხისმგებლები პირველ რიგში, მოაწერთ ხელს ამ გადაწყვეტილებას , ისტორიას არ რჩებიან დამკვეთები და ჩინჩალაძეები, ესეთები ციხეებში რჩებიან, ისტორიას კი რჩებიან ისინი ვინც გადაწყვეტილებებს აწერენ ხელს, ნუ შეხვალთ ისტორიაში შავ ფურცლად, გაუფრთხილდით საკუთარ იმიჯს, კარიერას, პროფესიულ სინდისს, ასევე თქვენს აწმყოსა და მომავალს. საქართველოს მოქალაქეებს, პოლიტიკური პარტიების ყველა ლიდერს ვისაც აღელვებს ამ ქვეყნის დემოკრატია და მომავალი, ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მუდმივად იყო ჩვენს გვერდით, დიპლომატიურ კორპუსს, საქართველოს პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მივმართავ თხოვნით, დაიცავით ის სამი მოსამართლე, რომელიც იხილავს ჩვენს საქმეს. არ მისცეთ შესაძლებლობა ჩინჩალაძისნარი ნაძირლებს თავს მოახვიონ მოსამართლეებს შეხედულებები. დაიცავით რუსთავი 2. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ჩამოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას განვითარების შანსს არ აძლევენ" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






