ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა მედიისთვის ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომის ჩატარება ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციიის გზაზე მტკიცე მხარდაჭერად შეაფასა. მარგველაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებს საქართველოში ჩამოსვლისთვის და ქვეყნის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც საქართველოსა და გლობალური უსაფრთხოების ინტერესებს იცავენ საერთაშორისო მისიებში. მარგველაშვილის თქმით საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება:
„საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ხარისხი წლიდან წლამდე იზრდება, დღეს ჩვენ გაგვაჩნია ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ჩვენს ქვეყანას ნატო-ს წევრობისკენ მოამზადებს და მაქსიმალურად ეფექტიანად იქნება გამოყენებული თავდაცვის უნარიანობის ამაღლების თავსაზრისით. მინდა კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფო მზად არის გაგვიწიოს დახმარება ვარშავაში მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შესაძლებლობები სწორად იქნება შეფასებული და წარმოდგენილი ბრიუსელის სამიტზე. თავის მხრივ საქართველო აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო მისიებში ჩვენს ევროატლანტიკურ პარტნიორებთან ერთად, - განაცხადა პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაღრმავება სტრატეგიულ პარტნიორებთან შავი ზღვის მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, შავი ზღვა უნდა იქცეს ევროპული თანამშრომლობის ზღვად:
„ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ჩვენი პარტნიორების ყურადღება შავი ზღვის პრობლემატიკაზე. ეს რეგიონი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია და მისი მომავალი უშუალოდაა დაკავშირებული ერთიანი და მთლიანი ევროპის კეთილდღეობასთან, ჩვენი საერთო ამოცანაა ვუზრუნველყოთ შავი ზღვის უსაფრთხოება და ვაქციოთ იგი ევროპული თანამშრომლობის ზღვად.“- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






