საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატო-ს გენერალური მდივნის და ატლანტიკური საბჭოს ვიზიტის აფასებს.
როგორც დავით უსუფაშვილმა აღნიშნა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, მსგავსი მაღალი რანგის ლიდერების ვიზიტი ნატოს დამოკიდებულებაზე მეტყველებს.
რაც შეეხება ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვერას, უსუფაშვილი ამბობს, რომ იენს სტოლტენბერგმა სასამართლო სისტემის რეფორმირების გაგრძელების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„ნატო რასაც გვპირდება ასრულებს. შეგვპირდნენ, რომ 2016 წლის სექტემბერში ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს სხდომა ჩატარდებოდა საქართველოში და ამას ჰქონდა ძალიან კონკრეტული მიზანი და ამოცანა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ. ამით ჩვენ ორივე მხარეს, საქართველოს და ნატო-ს გვინდოდა ხაზი გაგვესვა იმისთვის, რომ სწორედ შუა საარჩევნო კამპანიაში, ჩვენ საქართველოს წამყვანი პოლიტიკური პარტიები, კიდევ ერთხელ ვეუბნებით ქართულ საზოგადოებას, რომ ჩვენი სვლა ნატო-სკენ არის წარმატებული"- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
უსუფაშვილის თქმით, ნატო-ს გენერალური მდივნი და ატლანტიკური საბჭოს წევრები, მიესალმნენ იმ რეფორმებს რაც გაკეთდა, თუმცა იქვე ხაზი გაუსვეს, რომ გასაკეთებელი ჯერ კიდევ ძალიან ბევრია.
"დიახ ეს ასეა, მაგალითად პარლამენტმა ვერ შევძელით რეფორმების მესამე ტალღის კანონის მიღება და ბოლომდე მიყვანა. ეს ჩვენც ვიცით და მათაც იციან და ეს არ არის კარგი" - თქვა უსუფაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს სტოლტენბერგთან დიალოგის კიდევ ერთ დეტალზე გაამახვილა ყურადღება:
„ მე ბატონ გენერალურ მდივანს ძალიან ღიად და პირდაპირ ვუთხარი, რომ საქართველოსაც და ნატოსაც გვჭირდება გარკვეული შემოქმედებითი, ინოვაციური მიდგომები ცნობილი პრობლემებისადმი, ვინაიდან, ვითარება არის ისეთი, როდესაც ჩვეულებრივი გზებით და საშუალებებით პროცესის გაგრძელება არ არის ადეკვატური. ამ თვალსაზრისით, მე მას ვუთხარი ისიც, რომ ნატოსთან ინტეგრაციის კვალობაზე საქართველო შეეცდება ორმხრივ ურთიერთობებში სერიოზული გარღვევების მიღწევას ჩვენსავე პარტნიორ ქვეყნებთან, ევროპულ ქვეყნებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან.
სწორედ ამ კონტექსტშია განსახილველი ჩემი წინადადება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის თაობაზე. რაც ჩვენი პოლიტიკური განაცხადი უნდა იყოს არსებული გამოწვევების პროცესში" - უთხრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ.
მასალის გამოყენების პირობები






