სახელმწიფო მინისტრი ადგილზე გაეცნო დროებითი სამთავრობო კომისიის ფარგლებში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებს.
„იცით, რომ რეგულარულად დავდივარ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზის სიახლოვეს მდებარეობს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ეს რეგიონები, აქ მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირება პრიორიტეტულია. ბოლო სამი წლის განმავლობაში ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, შეიქმნა სპეციალური კომისია, რომლის ფარგლებში ამ რაიონის სოფლებს უმეტესობას მოუწესრიგდა სასმელი და საირიგაციო წყლის მიწოდების პრობლემა, ყველა სოფლის გაზიფიცირება უკვე დასრულებულია, მოეწყო ლაბორატორიები, გარემონტდა საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები, სტუდენტებმა მიიღეს 100 პროცენტიანი დაფინანსება. მეტ-ნაკლებად მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, თუმცა ამ მიმართულებით გასაკეთებელი კიდევ დაგვრჩა და დღეს მოსახლეობასთან სწორედ ამაზე მქონდა საუბარი“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა სოფელ მერეთში მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ, რომელსაც სოფლების ზანდიაანთკარის და კოშკას მოსახლეობაც ესწრებოდა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში წლობით დაგროვილი პრობლემების დიდი ნაწილი უკვე მოგვარებულია, გამოწვევები კვლავ რჩება.
„დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ. ჩვენი მიზანია არა მხოლოდ ამ გამოწვევებზე რეაგირება, ასევე ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს რეგიონი სოციალურ-ეკონომიკურად გავაძლიეროთ“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
დღესვე სახელმწიფო მინისტრმა შეხვედრა გამართა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნიქოზშიც.
თავის მხრივ მოსახლეობამ სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა უკვე განხორციელებული პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი შეხვედრები მომავალშიც ინტენსიური გახდება.
მასალის გამოყენების პირობები






