“ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ - თბილისის საერთაშორისო კონფერენცია საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საერთაშორისო ლიდერობისათვის და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით ტარდება.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა მაკკეინის ინსტიტუტს აღნიშნული კონფერენციის ჩატარების ინიციატივისა და მისი განხორციელებისათვის.
გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე რეგიონის სტაბილურობის ჭრილში ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მის ფარგლებში გამართული დისკუსიისას მხარეები მიიღებენ გადაწყვეტილებებს და იპოვიან პასუხებს იმ გამოწვევებზე რომლის წინაშეც დგას რეგიონი, საქართველო, NATO და ევროკავშირი.
„იმედი მაქვს, რომ ამერიკისა და ევროპელი ლიდერების, ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ჩართულობით მიმდინარე ინტენსიური საუბრებით და მოლაპარაკებებით მივალთ ყველაზე მშვიდობიან და შედეგიან გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა თავის მხრივ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს მასპინძლობისა და კონფერენციაში მონაწილეობისათვის.
„ჩვენ ვაფასებთ თქვენს ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ტრანსატლანტიკური, ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი“, - აღნიშნა მიღებაზე კურტ ვოლკერმა.
მასალის გამოყენების პირობები






