საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლას ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე - „ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ“ განაცხადა.
კონფერენციის ფარგლებში გამართულ სადისკუსიო სესიას "მაკეინის ინსტიტუტის" დირექტორი დევიდ კრამერი უძღვებოდა. ამერიკელი ანალიტიკოსი დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს მთავრობის მეთაური ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესში მიღწეულ პროგრესს.
გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედება საპარლამენტო არჩევნებამდე მოხდეს, რაც მისი თქმით, გააძლიერებს პროდასავლურ სულისკვეთებას მოსახლეობაში და ევროპის მოწინააღმდეგე ძალებს არ მისცემს რიტორიკის წარმართვის შესაძლებლობას.
„ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეთათვის ევროპის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღება, რაც დაემატება და შეავსებს ჩვენს შეთანხმებას ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ. დღეს მცირე მეწარმეებისთვის არც თუ ისე იოლია ევროპაში მოგზაურობა, რის გამოც შეფერხებულია მათი საქმიანობა. ასე რომ, უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის ჩვენ ვუყურებთ, როგორც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების კიდევ ერთ კონკრეტულ შედეგს. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა და მოთხოვნა და ჩვენ ვიმსახურებთ უვიზო მიმოსვლას. გამოვთქვამ დიდ იმედს, რომ საქართველოსთვის ვიზების ლიბერალიზაცია ძალაში შევა იმაზე ადრე, ვიდრე ამას კომისარი ჰანი ვარაუდობს. დიდ მადლობას მოვახსენებ ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტს, რომელმაც გუშინ „მწვანე“ აუნთო საქართველოს მოქალაქეთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ შემდგომ დისკუსიებს. გამოვთქვამ იმედს, რომ უვიზო მიმოსვლის შემოღება შესაძლებელი იქნება უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის სრულად შემოღებამდე. მეორე მხრივ, ეს არის შემდგომი დისკუსიის თემა. საქართველოში პროდასავლური სულისკვეთების გასაღვივებლად უკიდურესად მნიშვნელოვანია შედეგების მიღწევა 8 ოქტომბრის არჩევნებამდე, მენდეთ, ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია პროდასავლური განწყობის ასამაღლებლად და ანტიევროპული ძალების მიერ თავიანთ კამპანიაში ამ დროებითი შეფერხების ბოროტად გამოყენების პრევენციისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






