როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკურ პარტიებს შორის დაძაბულობამ იმატა. გუშინ, სოფელ ჯიხაშკარში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატის სანდრა რულოვსის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ადგილზე რამდენიმე ახალგაზრდა ხმაურითა და სტვენით მივიდა. იყო პროვოკაციის მოწყობის მცდელობა, უცნობი პირები აგრესიით გამოირჩეოდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ აქცია დაანონსებული იყო ადგილზე სამართალდამცავები არ იმყოფებოდნენ, სიტუაციის განმუხტვა კი ადგილობრივებმა მოახერხეს.
ენმ-ში აცხადებენ, რომ "პროვოკატორები" ადგილობრივები არ არიან და ისინი "ქართული ოცნების" დაკვეთას ასრულებდნენ.
ოპოზიციის ინფორმაციით, მმართველ ძალას "კორცხელის ინცინდენტის გამეორება, სურდა".
ინციდენტზე პასუხისნგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ხელისუფლებას დააკისრა.
ოპოზიციამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას უკვე მიმართა ენმ რეაგირებას ელის. კომისიის სხდომა ხვალ არის ჩანიშნული.
“მივმართავთ უწყებათაშორის კომისიას ჯიხაშკარის ინციდენტზე, სადაც ქართული ოცნების აქტივისტების პირდაპირ ცდილობდნენ, რომ სანდრა რულოვსის შეხვედრა ჩაეშალათ. ეს არ არის პირველი შემთხვევა, თბილისში, ისევე როგორც რეგიონებში მუდმივად, ქართული ოცნების აქტივისტები ცდილობენ ასეთი ტიპის შეხვედრები სხვადასხვა პროვოკაციული და ძალადობრივი ქმედებებით ჩაახშონ,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.
წინასაარჩევნო კამპანიის დროს არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
სამოქალაქო სექტორი მმართველ გუნდს მოუწოდებს ჯიხაშკარსა და გორში მომხდარ ინციდენტებზე რეაგირება სწრაფად მოახდინოს.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით, აუცილებელია სამართალდამცველების მხრიდან იმ დარღვევების დროული აღკვეთა, რომელიც ძალადობის სახეს იღებს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ტიპის ბრალდებებს პასუხი გასცეს გამოძიებამ, რადგან საბოლოოდ მათ უნდა დაადგინონ ვისი ბრალი იყო ეს ყველაფერი. ცხადია ძალიან ცუდია, რომ პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს აბრალებენ ამ ყველაფერს. ჩვენ რა თქმა უნდა, მოვუწოდებთ მათ, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობდეს საარჩევნო კამპანია და არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.
პოლიტიკურ პარტიებს პროვოკაციებისგან თავის შეკავებას ურჩევს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორიც.
გიგაურის მსგავსად, გიორგი კლდიაშვილიც ამბობს, რომ ძირითადი ტვირთი პასუხისმგებლობისა ხელისუფლებას ეკისრება.
მისი თქმით, ხელისუფლებას გააჩნია ის ადმინისტრაციული თუ ძალოვანი სტრუქტურის რესურსი, რათა პროვოკაციისა და ხელშეშლის ფაქტების აღკვეთა მოხდეს.
სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს ორგანიზაციები „საუნჯე”, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრი (CSDC)”, „ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ” და „ჰელფინგ ჰენდი” ეხმაურებიან. ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ გმობენ ყოველგვარ დაპირისპირებას და მასში მონაწილე მხარეებს ურთიერთპატივისცემისკენ მოუწოდებენ.
„წინასაარჩევნო პერიოდში ცალკეული ძალები ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას, ხოლო პასუხისმგებელი უწყებები კი სათანადოდ ვერ ასრულებენ კანონით დაკისრებულ მოვალეობას…
მოვუწოდებთ წინასაარჩევნო პერიოდში ჩართულ ყველა პოლიტიკურ ძალას თუ სხვა აქტიურ მხარეს, თავი შეიკავონ აგრესიული დამოკიდებულებისგან ოპონენტების მიმართ, რათა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი წინასაარჩევნო პერიოდი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ვალდებული არიან ხელი შეუწყონ პოლიტიკურ პარტიებს/საარჩევნო სუბიექტებს ამომრჩევლებთან შეხვედრების და კრებების, საჯარო დებატებისა და დისკუსიების, შეკრებებისა და მანიფესტაციების ორგანიზებასა და ჩატარებაში, უზრუნველყონ ამ ღონისძიებების უსაფრთხოება.
ჯიხაშკარში მომხდარი დაპირისპირება ცხადყოფს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კანონით დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებენ (ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ აგრესიულად განწყობილი პირები ადგილიდან ჯიხაშკარის მაცხოვრებლებმა გააძევეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ არ მომხდარა ინცინდენტის თავიდან აცილება). მოვუწოდებთ ამ ორგანოებს, ისევე, როგორც სამართალდამცავ უწყებებს, უზრუნველყონ წინასაარჩევნო ღონისძიებებზე უსაფრთხოება“, - აღნიშნავენ მიმართვის ავტორები.
მასალის გამოყენების პირობები






