პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პრეზიდენტის მიერ წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს - ლევან ბოძაშვილს, ნონა თოდუას და თამარ ლალიაშვილს მხარი დაუჭირა.
სხდომა, კვორუმის არარსებობის გამო, დაგვიანებით დაიწყო, საბოლოოდ კენჭისყრაში მონაწილეობა შვიდმა დეპუტატმა მიიღო. ლევან ბოძაშვილის კანდიდატურას შვიდივე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ნონა თოდუასა და თამარ ლილიაშვილს მხარი ხუთმა დეპუტატმა დაუჭირა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი ხვალ დაგეგმილი პლენარული სხდომის დღის წესრიგში იქნება შეტანილი.
ლევან ბოძაშვილმა პირობა დადო, რომ მისი არჩევის შემთხვევაში აქტიური მოსამართლე იქნება.
"იმ შემთხვევაში, თუ ვიქნები არჩეული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ, მე ვიქნები აქტიური მოსამართლე, მათ შორის მოსამართლეთა კონფერენციის ფარგლებში, რადგან საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას დღეს აქვს საკმაოდ ბევრი პრობლემა და ეს პრობლემები არის გამოსასწორებელი"- თქვა მან.
ბოძაშვილის განცხადებით, ავტორიტეტი და ნდობა არის სასამართლოს დამოუკიდებლობის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი.
კანდიდატის თქმით, გააჩნია ხედვა რომ საქართველო რაც შეიძლება მალე გახდეს იმ სისტემის ნაწილი, რომელსაც ევროპული სამართალი ჰქვია.
მასალის გამოყენების პირობები






