სომხეთის პრეზიდენტი აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს შეხვდა. ეს ინფორმაცია არაღიარებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის „ფეისბუქ“ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტომასალით დასტურდება.
შეხვედრა ერევანში ყარაბაღის დამოუკიდებლობის 25 წლისთავის ღონიძიებაზე მოხდა. შეხვედრას აფხაზეთის ე.წ. დელეგაცია ესწრებოდა. აღნიშნულის შესახებ კომენტარს პაატა დავითაია აკეთებს და მოითხოვს სატელეფონო საუბარი შედგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის. დავითაია ასევე აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთის ელჩი უნდა დაიბაროს და მას განმარტებები მოსთხოვოს.
„ჩვენ ვხედავთ იმას, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი შეხვდა სეპარატისტული რეჟიმის დელეგაციას ოფიციალურად. ეს ცხადყოფს კიდევ ერთხელ იმას თუ რა დამოკიდებულებაა ჩვენი ქვეყნის მიმართ, ეს ცხადყოფს იმას, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო რითი არის დაკავებული არავინ არ იცის, აქედან გამომდინარე, მივმართავ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაიბაროს სომხეთის ელჩი, მოსთხოვოს ახსნა-განმარტებები, თუ რატომ ხვდება ჩვენი მეზობელი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ღებულობს სეპარატისტთა ლიდერებს“, - აცხადებს პაატა დავითაია.
,,ნიუპოსტი" საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, უწყება აღნიშნულთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით არ საუბრობს.

მასალის გამოყენების პირობები






