,,როგორც მოსალოდნელი იყო, ხელისუფლებამ საკუთარი რესურსის მობილიზება და ამომრჩევლებზე ზეწოლა აქტიურად დაიწყო. ადამიანებს, რომლებიც სახელისუფლო კანდიდატის გარდა, სხვა კანდიდატების შეკრებებს და შეხვედრებს დაესწრებიან, ემუქრებიან სხვადასხვა სადამსჯელო ზომებით, მაგალითად, სოციალური დახმარების მოხსნით, სამსახურების დაკარგვით, მათი ახლობლების სამსახურიდან გათავისუფლებით და ა.შ.
ეს კონკრეტული ფაქტი ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულში მოხდა. სოფლის ტერიტორიული მართვის ორგანოს წარმომადგენელი კონკრეტულ პირს სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება. იმედი მაქვს, ამ ფაქტზე მყისიერი და ადექვატური რეაგირება მოხდება“ - აცხადებს ანი მიროტაძე. მისი თქმით, არავის აქვს უფლება ადამიანებს თავისუფალი არჩევანის უფლება შეუზღუდოს.
,,მივმართავ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, იმის მიუხედავად, არის თუ არა ჩემი მხარდამჭერი, მისი სიმპატია რომელიმე სხვა კანდიდატს ეკუთვნის თუ ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, 8 ოქტომბრის არჩევნებში მომცემს თუ არა ხმას მე _ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ზეწოლის, დაშინების, შანტაჟის და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევაში, გელოდებით, არ შეგეშინდეთ, დაიცავით თქვენი თავმოყვარეობა და თავისუფლება. არც ერთი ასეთი ფაქტი რეაგირების გარეშე არ დარჩება, არავის აქვს უფლება, თავისუფალი ადამიანების არჩევანი შეცვალოს! ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ თავისუფალი ქვეყანა, რომელიც თავისუფალ ადამიანებს ეკუთვნით“ - აცხადებს მიროტაძე.
მასალის გამოყენების პირობები






