„ნიუპოსტთან“ საუბრისას გიორგი ტუღუშმა ყოფილი პრემიერის შეფასებებს არარეალური და აბსურდი უწოდა. „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს კი მოუწოდა, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მაინც დაფიქრდნენ იმაზე, თუ რა ესაჭიროება რეალურად საზოგადოებას და რა დაკვეთის წინაშე დგანან:
„ჩვენ არა ერთი აბსურდი მოვისმინეთ, არ ყოფილა საუბარი იმ პრობლემებზე, რაც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. რეალურად არც ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ყოფილა საუბარი, ვისმინეთ გარკვეული შეფასებები ბატონი ბიძინასგან. გასაგებია, რომ იგი ხშირად ახსენებს „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ერთ-ერთ ძირითად პოლიტიკურ სუბიექტს, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, ჩვენ თუ რამით ვართ აღგზნებული, ეს არის გამოწვეული იმით, რომ ჩვენ უნდა მოვიგოთ არჩევნები, ვფოქრობ, რომ ეს არის პოზიტიური და ნამდვილად, ბევრს ვმუშაობთ ამისთვის. რაც შეეხება გარკვეულ მინიშნებებს და საუბარს ბურჭულაძესა და ვაშაძეზე, ესეც აბსოლუტური აბსურდია და რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. დროა „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ამ სპეკულაციებს თავი დაანებონ და რეალურად დაფიქრდნენ არჩევებამდე ერთი თვით ადრე მაინც იმაზე, თუ რა აწუხებს საქართველოს მოსახლეობას და რა არის ამომრჩევლის დაკვეთა“, - აღნიშნავს ტუღუში.
ტუღუშმა ასევე შეაფასა ივანიშვილის განცხადება, 8 ოქტომბრის არჩევნებზე პარლამენტში 100 დეპუტატის შეყვანასთან დაკავშირებით:
„რა თქმა უნდა მას შესაძლოა მსგავსი სურვილი გააჩნდეს, მაგრამ ამასაც რეალობასთან არავითარი კავშირი არ აქვს. ბოლო დროს ჩატარებული სოციალური კვლევებიც იმას მოწმობს, რომ 100 დეპუტატზე კი არა, გაცილებით ნაკლებ რაოდენობაზეც კი ლაპარაკი ზედმეტია. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პრობლემები შეექმნება „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებზე. ეს ისევე არ არის რეალობასთან კავშირში, როგორც 1000 განახლებული საწარმო და ასობით სასტუმრო, რომელიც თურმე გაიხსნა ბოლო წლებში“, - დასძენს გიორგი ტუღუში.
მასალის გამოყენების პირობები






