გონიოში წვრთნების დროს დაკარგული სამხედრო მოსამსახურის იაგო შარაძის დედამ შიმშილობა დაიწყო. კურსანტების ახლობლები სამძებრო სამუშაოების გაგრძელებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქციებით იმუქრებიან.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი ჩატარებულ სამძებრო სამარცხვინოს უწოდებს.
დავით ნიკოლეიშვილმა “ნიუპოსტს“ განუცხადა, რომ მისი ჯგუფი მზად არის კურსანტების სამძებრო ღონისძიებებში ჩაერთოს.
წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, შემუშავებული აქვს შესაბამისი გეგმა, რომელშიც თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ოკენოგრაფები და მეთევზეები ჩაერთვებიან.
„სირცხვილია, რომ ქვეყანას არ გააჩნია შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და არ ჰყავს კვალიფიციური პერსონალი. თავდაცვის სამინისტროს არ აქვს კონკრეტული გეგმა თუ რა სამუშაოები უნდა ჩაატაროს, იმისთვის, რომ დაკარგული სამხედროებს მიაგნოს. ფაქტია, რომ საქართველოს როგორც საზღვაო ქვეყანას არ ჰყავს ამ დარგის სპეციალისტები - პროფესიონალი ოკენოგრაფების დეპიციტია“- აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.
წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, კურსანტების დაკარგვის წუთებიდან თავდაცვის სამინისტროს ოკენოგრაფები უნდა მოეწვია და სამძებრო ღონისძიებების გეგმა შეემუშავებინა.
„მარტო აკვალანგების გაშვება საკმარისი არ არის, მყვინთავების გაშვება მხოლოდ ერთ-ერთი მეთოდია. უპირველეს ყოვლისა მეთევზეების ბადეებით 70 მეტრის სიღრმეზე უნდა ჩაეკეტათ პერიმეტრი. შესაბამისად, დინება არ წაიღებდა ბიჭებს და გვეცოდინებოდა რომელ კონკრეტულ ზონაში არიან. დინებას შეუძლია ცხედრები წაიღოს როგორც ჭოროხისკენ, რომლის სიღრმე 700 მეტრია, სადაც კანიონში ჩააგდებს, კანიონში გართულდება მათი მოძიება, თუმცა შესაძლებელია იქაც მოვიძიოთ ამის საშუალებას თანამედროვე ტექნიკა იძლევა. ამასთან შესაძლებელია დინებას ცხედრები თურქეთში წაეღო ან ღია ზღვაში გაეტანა. ამიტომ სამივე ეს ზონა მეთევზეების მიერ უნდა ჩაკეტილიყო პარალელურ რეჟიმში კი აკვალანგისტების უნდა ეწარმოებინათ სამუშაოები“- აღნიშნა სპეციალისტმა.
დავით ნიკოლეიშვილისთვის გაუგებარია, რა პრინციპით ახორციელებდნენ მყვინთავები სამძებრო ღონისძიებებს, მაშინ, როცა არც კი იციან რომელ ზონაში შეიძლება იყოს ცხედრები.
„აკვალანგისტები რომ ეძებენ, მათი ორიენტირები რა არის? ეს ისეთია, უღრან ტყეში კომპასისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გარეშე წახვიდე. ზღვა კიდევ უარესია, რადგან სიღრმეებში ცუდი ხილვადობაა შესაძლოა ადამიანს ჩაუარო და ვერ ნახო. ძიების ისეთი მეთოდიკა უნდა გაკეთებულიყო, რომლის გათვალისწინებით, თითოეული სანტიმეტრი შემოწმდებოდა. თუ ვერ ვიპოვიდით ამ ზონაში, ის მაინც გვეცოდინებოდა, რომ 40 მეტრის სიღრმეზე, ჭოროხის შესართავთან და თუნდაც სარფისს ზონამდე ეს ბიჭები არ არიან.
მივმართავ, თავდაცვის სამინისტროს რომ მოგვისმინონ, რადგან ეს ტერიტორია 2009 წელს შევისწავლეთ. ჩვენი ასოციაცია ტურიზმის განვითარებაზე მუშაობს და გვაინტერესებდა სამხედრო პოლიგონზე რა იყო ჩაძირული. შესაბამისად ვიცით როგორი ადგილია, რა დინებებია, როგორი ღრმულებია“- განუცხადა „ნიუპოსტს“წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზაციის მიერ შემუშავებული გეგმა გადაუგზავნა, თუმცა მათი მიწვევა ამ დრომდე არ მომხდარა.
„ჩვენ გეგმას არ იზიარებენ, თავიანთი არ აქვთ და უჯერებენ მხოლოდ თურქებს, რომელმაც სამძებრო ღონისძიებები უშედეგოდ დაასრულა. რა გამოდის - საზღვაო ქვეყანა 30 მეტრის სიღრმეზე ვერ პოულობს ადამიანებს. ეს არის სირცხვილი - თავდაცვის სამინისტრომ 30 მეტრის სიღრმეზე დაკარგა ბიჭები და ვერ პოულობს და არც უნდა სპეციალისტებს მოუსმინოს. ეს დარგის ფეხზე დაკიდებაა“- აცხადებს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის პრეზიდენტი.
16 აგვისტოს, შავ ზღვაში, სამხედრო სწავლებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ორი სამხედრო მოსამსახურე გიორგი ნანიტაშვილი და იაგო შარაძე დაიკარგა. ისინი გეგმიურ მებრძოლ-მყვინთავთა კურსს გადიოდნენ.
სამხედროებს ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ. ოჯახის წევრები იმ პირის ბრალეულობაზე საუბრობენ, რომლელიც სამხედროებს 6 ბალიანი შტორმის დროს ინსტრუქტაჟს უწევდა.
თვადცვის მინისტრის თქმით, გონიოში, სამხედრო წვრთნებისას დაკარგულ სპეცრაზმელებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების დეტალები ახლო მომავალში გახდება ცნობილი.
ლევან იზორია ამბობს, რომ გამოძიების შედეგად გამოიკვეთა დანაშაულის ნიშნები:
"გამოძიებას უკვე აქვს კონკრეტული შედეგები. იკვეთება გარკვეული დანაშაულის ნიშნები. თუ რა ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე, მალე საზოგადოება მიიღებს ამაზე ინფორმაციას".
მასალის გამოყენების პირობები






