„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში იმყოფებოდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, მან ოფისი რამდენიმე წუთის წინ დატოვა.
ხუციშვილის განცხადებით, იგი ოფისში პირად საქმეზე იმყოფებოდა, პრემიერ-მინისტრთან კი დემურ სტურუას საქმეზე საუბარი არ ჰქონია. თუმცა, მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნულ საქმეზე კომენტარი მაინც გააკეთა:
"ჩვენს კომპეტენციაში და შესაძლებლობებში რაც იყო, მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ პროკურატურასთან. ბრალის წაყენება მოხდა მას შემდეგ რაც გამოძიებამ მოაგროვა საკმარისი მტკიცებულებები. მე გამოძიების დეტალებს ვერ გეტყვით. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე მჭიდროდ თანამშრომლობდა პროკურატურასთან, ახლაც იგივე ფორმატში ვმუშაობთ",-აღნიშნა ხუციშვილმა.
მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლებს, რომლებიც კანონს დაარღვევენ ხელს არ დააფარებენ.
"ეს არის პრინციპული პოზიცია შინაგან საქმეთა სამინისტროსი. წინა შემთხვევაში იყო, როდესაც პილიციის განყოფილების უფროსის დაკავება მოხდა. ასეთი შემთხვევები არის და ძალიან მინდა გთხოვოთ, რომ ცალკეულ შემთხვევებს ტენდენციად ნუ განვიხილავთ",-განაცხადა შალვა ხუციშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






