„დანაშაულის ხასიათიდან გამომდინარე, გქონდა მოლოდინი რომ სამართალდამცავი ორგანოები მოახდენდნენ მყისიერ რეაგირებას. საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, რომელიც საზოგადოებისთვისაც ცნობილია და რაზეც დემურ სტურუაც მიუთითებდა წერილში, გაუგებარია ბრალის წარდგენისთვის რატომ დასჭირდა პროკურატურას 2 კვირაზე მეტი.“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა.
დავით ჯანდიერის განცხადებით, „სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე სწრაფი, ეფექტიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება საქართველოში წლების მანძილზე წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას. აღნიშნულის აღმოსაფხვრელად, აუცილებლად მიგვაჩნია დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.“-აცხადებს დავით ჯანდიერი.
დავით ჯანდიერი მიერ წარდგენილი იქნა დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის კონცეფცია, რომლის მიზანია სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების დაუსჯელობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა, მისი პრევენცია და ინტერესთა კონფლიქტის არქონის პირობებში მიმდინარე სამართალწარმოების წარმართვა.
ჯანდიერის განმარტებით, „როდესაც წამების ან არასათანადო მოპყრობის გამოძიებაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მყისიერი რეაგირება, რაც ავტომატურად განაპირობებს უფლებამოსილების უმალვე განხორციელებას. დაყოვნებამ და სხვა ორგანოსთვის საგამოძიებო უფლებამოსილების გადაცემამ, შეიძლება შეუძლებელი გახადოს საგამოძიებო მოქმედების ჯეროვანი და ეფექტიანი განხორციელება. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი მექანიზმის შექმნა არის აუცილებელი, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კოლეგიურ ორგანოს.“
სხვა ქვეყნებისა და საქართველოში არსებული ვითარების კომბინირებულად შეფასების შედეგად, „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ გამოდის ინიციატივით დამოუკიდებელ საგამოძიებო მექანიზმს მიენიჭოს ისეთი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება, როგორიცაა: დანაშაულები, რომელთაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი დაზიანება, ცემა, ძალადობა, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის ხელყოფა იმ პირის მიმართ, რომელიც იმყოფება სახელმწიფო ეფექტური კონტროლის ქვეშ, ან თუ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ, მიუხედავად იმისა ახორციელებს თუ არა იგი სამსახურებრივ უფლებამოსილებას და თუ დანაშაულს შედეგად მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჯანმრთელობის დაზიანება, არასათანადო მოპყრობა თუ სხვა.
მასალის გამოყენების პირობები






